მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების მე-3 B2B გამოფენა
30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს რიგით მესამე მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართება თბილისში, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერია.
2022 წლის B2B გამოფენის თემატიკა პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და წახალისებაა საქართველოში.
სრულად
ინფორმაცია სრულად 2022 წლის B2B გამოფენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე:
B2B შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით 2017 წლიდან საქართველოში პირველად იმართება სოციალური საწარმოების B2B გამოფენა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.
B2B გამოფენაზე საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციასა და მომსახურებას. ფორმატიდან გამომდინარე, სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები, მათი ინტერესების შესაბამისად, ხვდებიან სოციალურ მეწარმეებს და აწარმოებენ მოლაპარაკებას შესაძლო თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში.
ღონისძიების მონაწილე სოციალური საწარმოები
ღონისძიებაზე მონაწილეობს 50-მდე სოციალური საწარმო. სოციალური საწარმეობი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან B2B გამოფენაზე ამზადებენ უსაფრთხო სათამაშოებს, ტრადიციულ ხელნაკეთ დეკორატიულ და გამოყენებით ნივთებს, მისალოც ბარათებს, საბავშვო ავეჯს, სათამაშო მოედნებს, ხელით დაწნულ კალათებს, ტრადიციულ სუნელებს ისტორიული რეცეფტებით, თაფლს, ნატურალურ წვენებს, ღვინოსა და სხვა საინტერესო პროდუქციას. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილნი არიან სერვისის მიმწოდებელი სოციალური საწარმოები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებას, კაფეს სერვისებს, მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების მომსახურებას, მუსიკალური თერაპიისა და გაფორმების სერვისებს.
პარტნიორები
ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და BROT მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომელსაც CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
B2B გამოფენას სხვადასხვა წელს ჰყავს მსხვილი და საშუალო ბიზნეს პარტნიროები, როგორებიცაა საქართველოს ბანკი, ფოთის საზღვაო ნავსადგური APM Terminals Poti; ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი და ა.შ.
გამოფენის ისტორია
პირველი B2B გამოფენა 2017 წელს გაიმართა. გამოფენის ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ბმულზე.
მეორე B2B გამოფენა 2018 წელს გაიმართა. გამოფენის ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ბმულზე.
კონსულტაცია
B2B გამოფენის ფარგლებში დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის se@csrdg.ge მეშვეობით, ან ჩანიშნოთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან.
ქრისტინე კანდელაკი - პროგრამის მენეჯერი