სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ხშირად დასმული კითხვები

  • ტერმინი "სოციალური მეწარმეობა" დამკვიდრდა გასული საუკუნის 70-იან წლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, როდესაც მათ დაიწყეს საკუთარი ბიზნესების ამოქმედება მიუსაფარი, შშმ პირებისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დღეს-დღეისობით სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება, და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განიმარტება. მიუხედავად ამისა, ყველა ამ განმარტებას ერთი რამ აქვს საერთო, ეს არის ბიზნეს მიდგომა სოციალური მიზნებისთვის. იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობის არსი უკეთ გახდეს გასაგები, გავეცნოთ მის ერთ-ერთ განმარტებას, რომელსაც აშშ-ს სოციალურ საწარმოთა ალიანსი გვთავაზობს, სოციალური საწარმო არის "ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სოციალურ მისიას სამეწარმეო, შემოსავლის მომტანი სტრატეგიებით".

  • სოციალურ საწარმოებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა, დაწყებული საერთაშორისო მასშტაბების მქონე ბიზნესიდან, დამთავრებული მცირე ზომის სათემო კაფეთი. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური საწარმოების იურიდიული ფორმა განსხვავებულია.

    საერთო, ყველა სოციალურ საწარმოს, აქვს ის მკვეთრად გამოხატული მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობისგან. ეს არის სოციალური მისია, სათემო, საზოგადოებრივი ან გარემოსდაცვითი კეთილდღეობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქმნებიან სოციალური საწარმოები.

  • ევროპულმა კვლევითმა ქსელმა შეიმუშავა გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია იმისათვის, რომ მას სოციალური საწარმო ვუწოდოთ.

    ეს კრიტერიუმები სამ ჯგუფად  და ცხრა კრიტერიუმად არის დაყოფილი, როგორებიცაა: ეკონომიკური, სოციალური და მონაწილეობითი მმართველობა. არ არის აუცილებელი, რომ სოციალური საწარმო აკმაყოფილებდეს შემუშავებულ ცხრავე კრიტერიუმს, თუმცა, ეს არის ერთგვარი "იდეალური საწარმოს" მახასიათებლები და წარმოადგენს თვითშეფასების ინსტრუმენტს ორგანიზაციებისათვის. კრიტერიუმების ჩამონათვალი ჯგუფების შესაბამისად შემდეგია:

     

    ეკონომიკური კრიტერიუმები

    1. საქონლის ან მომსახურების უწყვეტი წარმოება/მიწოდება
    2. ეკონომიკური რისკის გარკვეული ხარისხი
    3. დამოკიდებულება ანაზღაურებადი სამუშაოს მიმართ

    სოციალური კრიტერიუმები

    1. ნათელი მიზანი, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე
    2. ინიციატივა წამოწყებულია მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ
    3. მოგების შეზღუდული განაწილება

    მონაწილეობითი მმართველობა

    1. დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
    2. გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება არ უნდა ეფუძნებოდეს კაპიტალის მფლობელობას
    3. საერთო გარემო, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მაღალ ჩართულობას.

     

  • სოციალური მეწარმე არის ადამიანი, რომელიც თავიანთ თავზე იღებს სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს მათი ორგანიზაციების ბენეფიციარების სასარგებლოდ. ტრადიციულად, ბიზნესში მეწარმეები რისკს იღებენ საკუთარი, ან ბიზნესის მფლობელების სასარგებლოდ. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება მეწარმესა და სოციალურ მეწარმეს შორის. და ეს განსხვავება უკავშირდება ორგანიზაციათა მისიას: საზოგადოებრივ (არამომგებიან, არაკომერციულ) ორგანიზაციებში ლიდერები, თანამშრომლები, გამგეობის წევრები იღებენ გადაწყვეტილებას გასწიონ სამეწარმეო საქმიანობა, და, შესაბამისად, თავის თავზე აიღონ მეტი რისკი იმ მიზნით, რომ უკეთ შეასრულონ ორგანიზაციის მისია.

  • სოციალური საწარმოების სოციალური მიზნების სპექტრი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქმედო სფეროები. ეს ორგანიზაციები სხვადასხვა გზით აღწევენ სოციალურ ცვლილებას გარემოში და სხვადასხვაგვარ როლს თამაშობენ საზოგადოებაში. პირობითად, სოციალური საწარმოების როლები შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად:

    • დასაქმების ხელშეწყობა
    • სოციალური სერვისები
    • მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება
    • სხვა სფეროები, როგორებიცაა: რეციკლირება, გარემოს დაცვა, სპორტი, სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება, კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, მეცნიერება, ინოვაცია.

  • სოციალური საწარმოები, საქართველოს მაგალითზე, შესაძლოა დაფუძნებულ იქნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ. სოციალური მეწარმეობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც:

    • ის იძლევა შესაძლებლობას ახლებურად და უფრო ეფექტურად მოგვარდეს პრობლემები
    • ფონდების მოძიების სულ უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში სოციალური საწარმოები ქმნიან რესურსებს მდგრადი განვითარებისთვის
    • ეკონომიკური შემოსავალი ორგანიზაციას აძლევს სტაბილურობის განცდას, საგრანტო დაფინანსებების წყვეტის შემთხვევაში ორგანიზაციას აქვს რესურსი დაფაროს ძირითადი ხარჯები
    • ხელს უწყობს ორგანიზაციების მისიის უფრო სრულად შესრულებასა და გრძელვადიანი მიზნების დასახვა-განხორციელებას
    • გამომუშავებული შემოსავალი პროგრამებს სძენს მეტ მოქნილობასა და წარმოადგენს ახალ პროგრამებში ინვესტირების წყაროს, შეზღუდვების გარეშე. ის აძლევს ორგანიზაციას საშუალებას დააფინანსოს საკუთარი ინიციატივები, რომლებიც არ ჯდება პოტენციურ დონორთა პრიორიტეტებში
    • ეხმარება ორგანიზაციებს, უფრო მეტად დარჩნენ მისიაზე ორიენტირებულნი და არ მოუხდეს მიმართულებების მუდმივად ცვლა დონორთა მოთხოვნების შესაბამისად.

  • სოციალური საწარმოს განვითარების გზა პირობითად შესაძლოა დავყოთ შემდეგ ეტაპებად:

    • გადაწყვეტილებების მიღება სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების შესახებ
    • საწარმოს მისიის განსაზღვრა
    • იდეების გენერირება
    • იდეის მიზანშეწონილობის კვლევა
    • ბიზნეს გეგმის შემუშავება
    • შედეგების შეფასება და კომუნიკაცია
    • რეინვესტირება, განვითარება.

  • ბიზნესის წარმოების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კომპანიის რეგისტრაცია და შესაბამისი ნებართვების/ლიცენზიების მოპოვების პროცედურების სიმარტივეა. საქართველოში ბიზნესის წამოწყება და მასთან დაკავშირებული პროცედურები საკმაოდ ლიბერალურია, რაც სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციის შემჭიდროვებულ ვადებში და გამარტივებულ პროცედურებში აისახება.

     

    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი ახალი ტიპის სამეწარმეო საქმიანობის წამოსაწყებად აუცილებელი არ არის ახალი იურიდიული ერთეულის რეგისტრირება, არამედ, შესაძლებელია უკვე არსებულმა იურიდიულმა ერთეულმა განახორციელოს ახალი ტიპის საქმიანობა (არსებობს მცირე გამონაკლისები, რაც, ძირითადად, საფინანსო და სამედიცინო ტიპის დაწესებულებებს ეხება). სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის სოციალური მეწარმეობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა იურიდიული ფორმით. საქართველოს კანონმდებლობით, "სოციალური მეწარმეობა", როგორც ტერმინი და კონცეფია არ არის განმარტებული, შესაბამისად, იურიდიული საკითხების განხილვისას უნდა გამოვიყენოთ ტერმინი მეწარმეობა. 

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის შემდგომ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ჩარჩოს მოსაწესრიგებლად, ამ პროცესს კი ბოლო წლებში "სოციალურ საწარმოთა ალიანსი" და "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აქტიურად შემოუერთდნენ.

    სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (ა(ა)იპ), აქვთ უფლება აწარმოონ დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა საკუთარი ორგანიზაციების ბაზაზე. მათ აგრეთვე აქვთ საშუალება დააფუძნონ საწარმო იურიდიული პირის ფორმით დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და საბუღალტრო აღრიცხვის გამიჯვნის მიზნით (მაგალითად, იგულისხმება ა(ა)იპ-ის მიერ დაფუძნებული შპს, რომლის წილის 100%-ს ფლობს დამფუძნებელი ორგანიზაცია).

  • სოციალური მიზნები უკავშირდება საწარმოს მისიის შესრულებას (სოციალური სარგებლის შექმნას) და განსხვავდება ორგანიზაციების სამოქმედო სფეროსა და მისიიდან გამომდინარე. სოციალური მიზნების მაგალითებია ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმება, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა. ბიზნეს მიზნები მიმართულია საწარმოს ფინანსურ სტაბილურობაზე და სხვადასხვა სოციალურ საწარმოს განსხვავებული აქვს. ბიზნეს კომპანიებში ფინანსური მიზნები უკავშირდება მოგების მაქსიმიზაციას მეწილეებისა და მფლობელებისათვის, სოციალური საწარმოს ფინანსური მიზნები განსხვავებულია და არ უკავშირდება მეწილეების მოგების მაქსიმიზაციას. ბიზნეს მოდელის და დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე, სოციალური საწარმოს ბიზნეს მიზანი შეიძლება იყოს:

    • ნულოვანი მოგება, ანუ ხარჯების დაფარვა, მაგრამ სოციალური მისიის შესრულება (მაგალითად სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოსთვის (კონკრეტულად ხანდაზმულთა სახლისთვის) პრიორიტეტულია არა მოგების მიღება, არამედ ხანდაზმულთათვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სოციალური სერვისის შეთავაზება)
    • მოგების მიღება, რომელიც რეინვესტირებული იქნება ორგანიზაციის ან სოციალური საწარმოს მისიის მისაღწევად
    • მოგების მიღება, რომელიც რეინვესტირებული იქნება სამეწარმეო საქმიანობის გასაფართოვებლად. 

  • სოციალური საწარმოსთვის განმსაზღვრელია მისი სოციალური მიზნები. სოციალურ საწარმოებს მუდმივად უწევთ ბალანსის დაჭერა სოციალურ და ფინანსურ (ბიზნეს) მიზნებს შორის. ამისათვის, მათ სხვადასხვა სტრატეგიები შეიძლება ჰქონდეთ. შესაძლებელია მოგების მიმართვა სოციალური მიზნების მისაღწევად, ან მაღალი ფასის დადება პროდუქტზე, ან პირიქით, შეღავათიანი ფასის დადება გარკვეულ სერვისებზე და პროდუქტზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

    სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეთავსება შესაძლოა დიდ გამოწვევას წარმოადგენდეს სოციალური საწარმოებისთვის. ეს გამოწვევები შეიძლება იყოს ფაქტორები, რომლებიც უფრო ძვირს ხდის წარმოების პროცესს, ვიდრე ჩვეულებრივ ბიზნეს კომპანიებში, მაგალითად:

    • შესყიდვების არსებული პრაქტიკა - მაგალითად სამართლიანი ვაჭრობის შესაბამისად შესყიდვების უზრუნველყოფა (Fair trade)
    • თანამშრომელთა შერჩევის პრაქტიკა - მაგალითად, მარგინალური, მოწყვლადი (შრომით ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი) ჯგუფების დასაქმება. არსებობენ სოციალური საწარმოები, რომლებიც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მთავარ კრიტერიუმად იყენებენ სოციალურ სტატუსს. ასეთ შემთხვევაში თანამშრომელთა დამატებითი გადამზადების ხარჯი ტრენინგებსა და სხვა მხარდაჭერის პროგრამებზე იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ბიზნეს კომპანიებში
    • ფასი, რომელსაც ადებენ სოციალური საწარმოები პროდუქციას - მაგალითად საბაზრო ფასზე უფრო ძვირი, ან შედარებით დაბალი ფასი, რათა პროდუქტი და/ან სერვისი ხელმისაწვდომი იყოს
    • ბიზნესის ადგილმდებარეობის, მისი განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების განმაპირობებელი ფაქტორები ინვესტირებისას, რაც შესაძლებელია გახდეს ბიზნესის მომგებიანობის განმსაზღვრელი
    • მოგების გამოყენების პრინციპი.

segeorgia.org