სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ  გამოცხადებულ  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" გახდა.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" დაარსდა 2002 წელს შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურადაა ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.

ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasionable), რომლის მიზანიც შშმ პირთა პროდუქციის დამკვიდრებაა ქართულ ბაზარზე.

მოზიდული გრანტის მეშვეობით, საწარმო გეგმავს, ხელი შეუწყოს შშმ პირთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მდგრადობას და ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შრომით ბაზარზე.

 

ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა" (CSRDG) და “ბაზისბანკს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერება და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობაა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

CSRDG და ბაზისბანკი პატივს სცემენ თანასწორობას და ადამიანის ღირსებას, მაღალ მოქალაქეობრივ და კორპორაციულ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმს, ურთიერთთანამშრომლობასა და სოლიდარობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას CSRDG 2009 წლიდან ახორციელებს. ბაზისბანკთან არსებული, არაერთჯერადი და მრავალკომპონენტიანი მხარდაჭერის მექანიზმის განვითარება კი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში მეტი სოციალური, დადებითი გავლენის შექმნისათვის.

CSRDG-ის მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოები

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა მიზნის მისაღწევად ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, ესენია: ფინანსური მხარდაჭერა; ტრენინგები და კონსულტაციები; სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება და კონცეფციის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60-ზე მეტი სოციალური საწარმო, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 1 500 000 ლარს აჭარბებს.