სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

"თავისუფალი სივრცე" - სოციალური კაფე ბათუმში, რომელიც შშმ პირებს ასაქმებს და ჟესტური ენის პოპულარიზაციაზე ზრუნავს

"გავლენის გმირობისთვის 6 წელი დაგვჭირდა - თავისუფალმა სივრცემ შეძლო და რეალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება."

 

"თავისუფალის სივრცის", როგორც გავლენის გმირის გამოცდილება, ნინო ჩხაიძემ სოციალური საწარმოების B2B გამოფენის სტუმრებს გაუზიარა.

 

ნინო ჩხაიძე

სოციალური კაფე „თავისუფალი სივრცე“-ს თანადამფუძნებელი

 

ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსით ვარ თქვენთან წარდგენილი, რადგანაც გავლენის გმირის სტატუსით მომიწვიეს. ჩვენ, გავლენის გმირობისთვის დაგვჭირდა 6 წელი, თუმცა ამ ექვს წელს წინ უძღოდა ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი.

სულ თავიდან რომ დავიწყოთ, პირველად გვქონდა იდეა - ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და ყველასთვის თანაბრად სასიამოვნო სივრცის შექმნა ბათუმის ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ შეძლებდა შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასაქმებას. გვქონდა ეს იდეა, მაგრამ იდეა, ფული და ერთი შანსიდან გვაკლდა ყველაზე მთავარი, არ არსებობდა ფინანსები, შანსის მხრივ კი, რაღაც შანსების მოძებნა იყო შესაძლებელი. ჩვენ ჩავეჭიდეთ რეალურად ჩვენს ყველაზე ძლიერ მხარეს - ეს იყო იდეა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით გვედგნენ და რომლებსაც სჯეროდათ ჩვენი.

ჰოდა, იდეით, შანსის მოსაპოვებლად, ბათუმის მერიის კარს დაახლოებით, 365 დღე ვუკაკუნეთ და საბედნიეროდ, ჩვენი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ბათუმის მერიამ გადმოგვცა სივრცე დროებითი სარგებლობისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ იდეის ერთგულება, ენთუზიაზმი, კარგი ადამიანები, ნამდვილი მეგობრები გვერდით გვყავდა, მაინც არსებობდა გამოწვევა, რომელიც ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რადგან ამ საქმის წამოწყება მინიმალური ფინანსების გარეშე შეუძლებელი იყო.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც, ჩვენ როგორც სოციალურ საწარმოს მხარი დაგვიჭირა და ჩვენ, როგორც სოციალური საწარმო, შევდექით.

ზოგადად, მომსახურების სფეროში უამრავი გამოწვევაა - ჩვენთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად მაინც ბალანსის დაცვა რჩებოდა, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სოციალური შედეგები ფინანსურ შედეგებთან მიმართებით პირდაპირპროპორციული უნდა ყოფილიყო. თუ დასაწყისში, ერთი თანამშრომლისთვის, 600 ლარი შეგვეძლო გადაგვეხადა, დღეის მდგომარეობით ანაზღაურება მინიმუმ გასამმაგებულია, რაც ცალსახად ჩვენს წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, თუ თავიდან მაქსიმუმ 4 ადამიანის დასაქმება შეგვეძლო, დღეს, უკვე, 10 ადამიანი მუშაობს ჩვენთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სოციალური შედეგების კუთხით.

სოციალური შედეგების მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვფიქრობ რომ თავისუფალმა სივრცემ შეძლო, რეალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. 

 

"თავისუფალმა სივრცემ" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალ პირს მისცა შანსი და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოების აბსოლუტურად სრულფასოვანი წევრი ყოფილიყო და ასევე, ჩვენს საზოგადოებასაც მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მრავალფეროვნება რაც გვაქვს, ნათლად დაენახა. ამ ყველაფერს ამტკიცებს ის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები შედგა თავისუფალ სივრცეში. 

ჩვენი არსებობის განმავლობაში, 600-მდე სოციალური ღონისძიებას გავუწიეთ ორგანიზება, რომელშიც 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებები სხვადასხვა ფორმატის იყო და მოიცავდა შემოქმედებით, შემეცნებით თუ საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე, პროფესიული კუთხითაც მხარდამჭერი. დღეს, თქვენ რომ თავისუფალ სივრცეს ესტუმროთ, შესაძლოა ერთ მხარეს დასხდეთ და ყავა მიირთვათ, ხოლო მეორე მხარეს, შესაძლოა, ვიღაც ხატვის მასტერკლასს ესწრებოდეს ან რაიმე სხვა შემოქმედებით აქტივობას ეწეოდეს.

ჩვენი მრავალფეროვანი ღონისძიებებიდან მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის, რომ ჟესტური ენის სკოლის ფარგლებში დაახლოებით 250 ბათუმელ მასწავლებელს, სპეც. პედაგოგს, პოლიციის თანამშრომელს, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელს, ასევე იმ მშობლებს, ვისაც სმენის არმქონე შვილები ჰყავთ, მინიმალურ დონეზე მაინც ვასწავლეთ ჟესტური ენა და დღეს, ამ ადამიანებთან აქვთ კომუნიკაცია.

ჩვენი ადვოკატირებით, დღეს, ბათუმში უმრავლესი საჯარო ღონისძიება არის ჟესტურ ენაზე ადაპტირებული და სურდო თარჯიმანი არის მონაწილე ამ ყველაფრის. ასევე, აქცენტი მინდა გავაკეთო იმაზე, რომ სმენის არმქონე პირების დასაქმება, დღეს ბათუმში საკმაოდ რთულია, რადგან ამ ადვოკატირების ძალისხმევით, მათი 98% უკვე დასაქმებული და პროფესიულად შემდგარია.

რეალურად, მართლა გულწრფელად მჯეროდა იმ იდეის, რასაც ვაკეთებდი - გულწრფელი და ნამდვილი მეგობრები მედგნენ გვერდით. თითოეული თქვენგანი გვაძლიერებთ და თავისთავად, ჩვენც მზად ვართ, რომ თქვენ გაგაძლიეროთ და სოციალური მეწარმეობის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, იმიტომ რომ, თუ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ევროპული ღირებულებების მქონე საქართველოში, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი წილი აგური ამ პროცესში დავდო.

იხილეთ ვიდეო სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან:

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

სოციალური საწარმო "თავისუფალი სივრცე" მხარდაჭერილია პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვით, ხელს უწყობს  საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და  გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას.