სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

როგორ გააერთიანა „ეთნოდიზაინმა“ ტრადიციული რეწვის ოსტატები მთელი საქართველოდან და სექტორი 2,3 მილიონი ლარით გააძლიერა

ეთნოდიზაინის, როგორც გავლენის გმირის უნიკალური ისტორია და გამოცდილება, ირინა მანიამ სოციალური საწარმოების B2B გამოფენის სტუმრებს გაუზიარა

 

ირინა მანია

სოციალური მაღაზია „ეთნოდიზანის“ დამფუძნებელი

 

საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც ტრადიციულ ტექნოლოგიას ფლობს იმისთვის, რომ ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნას. თუმცა, ხშირად ამ ადამიანებმა არ იციან, რომ საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ შეიძლება ეკონომიკური სარგებელი ჰქონდეს მათთვის და ასევე სხვისთვისაც - მათი ოჯახის წევრებისთვის. ეთნოდიზაინი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის.

8 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით უწყვეტი განვითარებისა და გაყიდვების ჯაჭვი და ვცდილობთ, ყველა ადამიანს შევუწყოთ ხელი, რომ მათ ისეთი ნამუშევრები შექმნან, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის იქნება სასურველი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მთავარი პრობლემა, რაც ამ დარგში იყო, არის ის, რომ ხშირად ხელნაკეთი ნამუშევრები არ არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს, არის დაბალი ხარისხის და ოსტატებს არ აქვთ შესაძლებლობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ მიიტანონ ისინი სწორ ადგილას გასაყიდად და სწორედ, ამ ადგილას ვართ ჩვენ.

ჩვენ, იმ გადაწყვეტილებაში, რომ ყველას ვაძლევთ თანაბარ შესაძლებლობებს, რომ შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქცია და გავამრავალფეროვნოთ მათი გაყიდვების საშუალებები, აღმოვჩნდით სწორ გზაზე.

2016 წლიდან დღემდე, ამ 8 წლის მანძილზე, ჩვენ ჩავრთეთ 250-მდე ტრადიციული რეწვის ოსტატი, შევქმენით ათასობით ახალი პროდუქტი და გაიყიდა დაახლოებით 2 300 000 ლარის პროდუქცია - იცით, ჩვენი დარგისთვის ეს არ არის ცოტა.

ამ პრობლემების გადასაწყვეტად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული გაყიდვების პლატფორმების შექმნა და სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით სოციალური მაღაზია, მოძრავი მაღაზია ეთნოდიზაინი. ამ, ჩვენი აზრით, ლამაზ მაღაზიას როდესაც შეხედავთ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა შრომა იდგა ამ მაღაზიის შექმნის უკან. მოძრავი ეთნოდიზაინი თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში დახვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტი ხალხია და  ჩვენ მივიღებთ თქვენგან რჩევებს - სად არის საუკეთესო ადგილი ამ მაღაზიის განსათავსებლად.

8 წლის მანძილზე ჩვენი დაგროვილი გამოცდილებით, უკვე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მომდევნო სარეალიზაციო ობიექტის დაფუძნება აორმაგებს იმ ბრუნვას და გაყიდვებს, რომელიც დღეს ეთნოდიზაინს აქვს. შესაბამისად, აორმაგებს თითოეული ოსტატის შემოსავალს, თითო ოჯახში, რომელიც რეგიონშია.

8 წლის მანძილზე, ერთმა, ძალიან პატარა ადამიანების ჯგუფმა, ასეთივე ძალიან პატარა სფეროში დადებითი გავლენები გამოიწვია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული ნამუშევრის წარმატება, ყოველი მომდევნო ოსტატისთვის დიდი მოტივაციაა.

 

იხილეთ ვიდეო სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან:

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

სოციალური საწარმო "ეთნოდიზაინი" მხარდაჭერილია პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, CSRDG პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვით, ხელს უწყობს  საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და  გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას.