ტრენინგის შესახებ
რიგით მესამე B2B გამოფენაში მონაწილე სოციალური საწარმოებისთვის თბილისში „ბიზნეს შეთავაზების/პრეზენტაციის“ ტრენინგი (ე.წ. Storytelling workshop) ჩატარდა.
ტრენინგს სხვადასხვა რეგიონებიდან 20-მდე სოციალური მეწარმე დაესწრო.
მიზანი
ამბის თხრობის, იგივე სთორითელინგის ტრენინგის მიზანია სოციალურ საწარმოებს დაეხმაროს, თავიანთი არსისა და მიზნების შესახებ ამბის საინტერესოდ თხრობაში, მესიჯების ეფექტურად შემუშავებასა და აუდიტორიამდე სწორი კომუნიკაციით მიტანაში. ტრენინგების შემდეგ, სოციალური მეწარმეები შეძლებენ, მოემზადონ B2B გამოფენისთვის და შექმნან მიზნობრივი და საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს შეთავაზებები.
ინტერაქციულ სესიებზე, მონაწილეებმა იმუშავეს საწარმოს მთავარ ასპექტებზე, მარტივად აღსაქმელ განმარტებებზე, თუ რას და რატომ აკეთებენ. ასევე, განსაზღვრეს ბიზნეს აუდიტორიის საჭიროებები და მიდგომები, თუ როგორ უნდა მოყვნენ თავიანთ ისტორიას ისე, რომ გამოიწვიოს საწარმოების საქმიანობით დაინტერესება.
ტრენერის შესახებ
ტრენინგს კომუნიკაციებისა და სთორითელინგის (იგივე ამბის თხრობის) სფეროში 30-წლიანი გამოცდილების მქონე ბრიტანელი პროფესიონალი, საკონსულტაციო კომპანიის AFH დირექტორი ადამ ჰერიდენსი გაუძღვა. ადამი მუშაობს ბრიტანულ, საერთაშორისო, საქველმოქმედო და ბიზნეს ორგანიზაციებთან და მხარს უჭერს მათ ბრენდების, ისტორიების მოყოლასა და კამპანიების მართვაში. მის პორტფელშია ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ბლექბერი, როში, ბრიტანეთის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტი და სხვ.
ტრენინგი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, EVPA-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.
B2B გამოფენის შესახებ
B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება. გამოფენის მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც CSRDG “სოციალურ საწარმოთა ალიანსთან” და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ამბის თხრობის ტრენინგს CSRDG პროექტის პარტნიორთან EVPA-სთან ერთად ახორციელებს.