CSRDG, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, დამწყებ სოციალურ მეწარმეებში კომპეტენციისა და უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეორე ეტაპზე გადასული საპროექტო იდეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ციკლი გამართა.
9 საპროექტო იდეის, 25-მა წარმომადგენელმა, სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის (SEDL) ინტენსიური, 4-კვირიანი ტრენინგპროგრამა გაიარა სოციალური მეწარმეობის კონცეფციის, სოციალური შედეგებისა და გავლენის მართვის, ოპერაციების მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და იურიდიული საკითხების მიმართულებით.
ტრენინგების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელიც ბიზნესგეგმის შედგენასა და სრული საპროექტო განაცხადების შექმნაში დაეხმარებათ. შედეგად, კონკურსის ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული და თითოეული მათგანი მიიღებს 15 000 ევრომდე ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
აღსანიშნია, რომ ტრენინგების ციკლი სოციალური მეწარმეობის დაწყების მსურველებს სძენს მყარ საფუძვლებს სოციალური საწარმოს დაფუძნების, მართვისა და განვითარების, ასევე, სტარტაპის შექმნისთვის საჭირო ფინანსების დამოუკიდებლად მოძიებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესახებ.
კონკურსის შესახებ
CSRDG-მ საგრანტო კონკურსი სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის 18 აპრილს გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერის მიღება შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც ასრულებენ შემდეგ როლებს:
- დასაქმების ხელშეწყობა;
- სოციალური სერვისების მიწოდება;
- მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება;
- სხვა როლები, როგორებიცაა: რეციკლირება, გარემოს დაცვა, სპორტი, ხელოვნება, კულტურა, განათლება, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, მეცნიერება, ინოვაცია და სხვ.
პროექტის შესახებ
2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და „Impact Europe“-თან პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა „Impact Europe“, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.
პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
პროგრამის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც სექტორში წარმატებული საქმიანობის 29-წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ცენტრი მას 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.
CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას, დღემდე, 72 სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და გაძლიერებაში აქვს წვლილი შეტანილი, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 2 მილიონ ლარს აჭარებს.
ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეაფერხებს ჩვენს საქმიანობას და ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.