სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, 8 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი სასტუმრო სტამბაში გაიმართა.

ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა.

სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმს საჯარო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებამ რამდენიმე საკითხი და ფორმატი გააერთიანა. სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე მსჯელობის საშუალება ჰქონდათ როგორც სფეროს ძირითად აქტორებს პანელური დისკუსიის ფორმატში, ასევე ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მცირე ჯგუფებში მუშაობის სახით. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა გამომსვლელის სიტყვა თემაზე: რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ გამოვიყენოთ ის საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად.

CSRDG-ს სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა და საქართველოში პირველი გავლენის ფონდის "აქციოს" მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა ორგანიზაციის მიერ სოციალური მეწარმეობის სფეროში 2023 წლის მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიების სტუმრებს გააცნო ფონდის საქმიანობის შედეგად, სოციალური მეწარმეებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია.

 

წლის სოციალური საწარმო 2023

 

ფორუმის კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალისტი სოციალური საწარმოები ,,თავისუფალი სივრცე“, ,,ედენა“ და ,,იკორთა“ იყვნენ. 

ფარული კენჭისყრის გზით, ღონისძიებაზე წლის სოციალური საწარმო 2023-ის ტიტული სოციალურმა საწარმო ,,იკორთამ“ მოიპოვა. ტიტულთან ერთად მას გადაეცა ფულადი ჯილდო სოციალური საწარმოს განვითარებისთვის.

 

ფორუმის შესახებ

 

სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, სოციალური მეწარმეობის ფორუმი და „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაცია დამკვიდრდა. ამ ტრადიციას 2018 წლიდან ალიანსი აგრძელებს, რომელიც წელს მეთორმეტედ გაიმართა. აღსანიშნია, რომ  ღონისძიებისადმი ინტერესი და კონცეფციის შესახებ ცნობადობა წლიდან წლამდე მზარდია. 

სოციალური მეწარმეობის ფორუმი ევროკავშირის  მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში. 

 

ფორუმის მხარდამჭერები

 

სოციალური მეწარმეობის ოქროს სპონსორი: Finance in Motion

ღონისძიების პარტნიორი: World Vision Georgia

ვერცხლის სპონსორები: Majorel Georgia, ალდაგი

ღონისძიების მხარდამჭერები: ისი-პარი, The Body Shop

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, www.brg.ge

 

პროექტის შესახებ

 

სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.