სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

მასტერკლასი კორპორატიული სექტორის წარმომადგენლებისთვის

სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში, კორპორატიული სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა მასტერკლასი: „როგორ ვაქციოთ ინვესტირება გავლენად? საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე ტენდენციები.“

მასტერკლასი კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელმა ლუჩიანო ბალბომ ჩაატარა.

ღონისძიების მიზანი იყო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება ევროპასა და საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო პრაქტიკისა და ტენდენციების შესახებ.

სტუმრებს მიესალმა CSRDG-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობასა და საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოში პირველი გავლენის ფონდის აქციოს მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა სტუმრებს ფონდის საქმიანობა გააცნო და ისაუბრა გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესაძლებლობებზე, რომელთაც აქციო ინვესტორებსა და სოციალურ მეწარმეებს სთავაზობს.

მასტერკლასს სხვადასხვა ბიზნეს კომპანიის 40-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომლებიც მოგვიანებით სოციალური საწარმოების B2B გამოფენას შეუერთდნენ.

მასტერკლასი გაიმართა ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია-EVPA.