სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კასპის მუნიციპალიტეტში სოციალური საწარმო "კომლი" გაიხსნა

15 ივლისს, კასპის მუნიცპალიტეტში ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, კომლის სივრცე გაიხსნა.

საწარმოს მიზანია გახდეს თანაშექმნის სივრცე ადგილობრივი თემის წევრებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის. 

 

ღონისძიების შესახებ

 

გახსნის ღონისძიება გაიმართა ქალაქ კასპში, კომლის სივრცეში, რომელსაც  ადგილობრივ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კომლის იდეის მხარდამჭერები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სოციალური საწარმო და გაცნობოდნენ კომლის ისტორიას დაწყების დღიდან გახსნამდე.

გახსნის ღონისძიების პარალელურად, კომლის სივრცეში მიმდინარეობდა
ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება.

 

საწარმოს შესახებ


თანაშექმნის სივრცე კომლი ეფუძნება თანა-განცდის იდეას, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა.
ისეთ სოციალურ გარემოში, რომელიც უფრო და უფრო მეტად უწყობს ხელს
ინდივიდუალისტური საზოგადოებების ჩამოყალიბებას, თანაშექმნის სივრცე
ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვა კოლექტიურ ზრუნვად აქციოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა - გარემოზე ორიენტირებეულ ზრუნვად. 

თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაათავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს.

თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც
გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებასა და გაცნობას. 

ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევარების, არტისტების და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცის გამოყენება შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის.

 

შეფასებები

 

“სათემო ორგანიზაცია „კომლი“ ორ წელზე მეტია რაც კასპის მუნიციპალიტეტში დამკვიდრდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მოვიცავით 1000-მდე ადამიანი, ჩავატარეთ შეხვედრები კასპის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ვუმასპინძლეთ ორ ბანაკს, გადავამზადეთ სათემო მენტორები, რომლებიც ახალგაზრდების ინიციატივების გაძლიერებასა და განხორციელებაზე მუშაობენ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ პერიოდში მივაღწიეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავგეგმოთ და განვახორციელოთ აქტივობები, თემის ჩართულობით, თემთან ერთად, მათი საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ და საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს ვპირდებით ახალგაზრდებს და არა მარტო მათ”, - აღნიშნა კომლის დირექტორმა მარიამ გოგავამ.

"CSRDG 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით და დღემდე, 60-მდე სოციალურ საწარმოს შევუწყვეთ ხელი დაფუძნებაში, გაფართოებასა და დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიღწევაში.

მოხარული ვართ, რომ  ევროკავშირთან ერთად მხარს ვუჭერთ სოციალური საწარმო კომლის გახსნას, რომელიც თანაშექმნის პრინციპების დანერგვით, რეგიონში გახდება პლატფორმა ადგილობრივი საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის." - განაცხადა გახსნის ღონისძიებაზე "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პორტფელის მენეჯერმა ეთუნა ჩუბინიძემ.

 

პროექტის შესახებ

 

სოციალური საწარმო “კომლი” შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის განვითარებული ეკოსისტემა ხელს შეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, ქვეყანაში დაშორებული ადგილების გამოცოცხლებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა თუ გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებას.

 

ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან

დაფინანსებული სოციალური საწარმოები

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა მიზნის მისაღწევად ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, ესენია: ფინანსური მხარდაჭერა; ტრენინგები და კონსულტაციები; სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება და კონცეფციის პოპულარიზაცია.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 60-მდე სოციალური საწარმო, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 1 350 000 ლარს აჭარბებს.