სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები გამოვლინდნენ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს საქართველოს 6 რეგიონში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ჰყავს.

21 ივლისს, ფაბრიკაში, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) ქვეყნის მასშტაბით სოციალური მეწარმეობის 6 ახალგაზრდა ელჩი გამოავლინა, რომლებსაც 700 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა გადაეცათ და შემდგომი 5 თვის მანძილზე საკუთარ რეგიონებში, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში ფინალურ ეტაპზე 13 პროექტის ავტორი გადავიდა. მათ ჟიურის წინაშე წარადგინეს იდეები, თუ როგორ აპირებენ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას. 

 

კონკურსის შედეგად, 2023 წლის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები გახდნენ:

 

მარიამ შარაშიძე - გურია 

ირაკლი თევზაძე - იმერეთი

დავით ნიჟარაძე - სვანეთი 

ელენე ქაჩლიშვილი /გიორგი ბაწაშვილი- კახეთი 

თეკლა ადამია - ქვემო ქართლი 

მაია ხუციშვილი /ლიკა ხუციშვილი- სამცხე- ჯავახეთი

 

გამარჯვებულები სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთისა და ქვემო-ქართლის მუნიციპალიტეტებში იმუშავებენ.

პროგრამის დასასრულს კი საქართველოს 6 რეგიონში ელჩების ინტენსიური მუშაობის შედეგად, სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდება, რომელიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.

 

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ

 

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა, ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

წელს, პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა და შეირჩა 25 აქტიური ახალგაზრდა, რომლებმაც სოციალური მეწარმეობის საზაფხულო სკოლა გაიარეს, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ სოციალური მეწარმეობის არსს და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.

 

ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად იმუშავეს მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვივნენ სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოს, შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებს, გაიგეს მეტი სოციალური საწარმოების საქმიანობის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვორკშოფებში.

გარდა ამისა, მონაწილეებმა პროექტების საკონკურსო ეტაპისთვის გაიარეს პრაქტიკული მომზადება, მათ შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით.

პროგრამის შემდგომ ეტაპზე, საზაფხულო სკოლის მონაწილეები საპროექტო იდეების კონკურსში ჩაერთნენ, რომლის შედეგადაც  ქვეყნის მასშტაბით 6  ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდა. 

 

ცნობისათვის, ეს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მეორე ნაკადია. გასულ წელს, ახალგაზრდა ელჩები 4 რეგიონში (ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში) ცდილობდნენ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსმოდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა. ხოლო, საუკეთესო ახალაზრდა ელჩის დაჯილდოების ღონისძიებას ორბელიანების სასახლემ უმასპიძლა.

CSRDG ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

 

პროექტის მიზნებია:

 

● განავითაროს ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა;

● გააუმჯობესოს სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემო;

● აამაღლოს ცნობიერება სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის დადებითი შედეგების შესახებ;

● გააცნოს სოციალური მეწარმეობა და სოციალური საწარმოები ფართო საზოგადოებას, მათ შორის ახალგაზრდებს;

● შექმნას ახალი შესაძლებლობები სოციალური მეწარმეებისთვის გააფართოვონ საქმიანობა და გაზარდონ სოციალური გავლენა, დამწყებმა მეწარმეებმა კი დააფუძნონ ახალი და საინტერესო სოციალური საწარმოები;

● მხარი დაუჭიროს სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას;

● წაახალისოს ქსელური საქმიანობა სოციალურ საწარმოებს შორის.