აღმოაჩინეთ ტენეს, სოციალური მეწარმეობის გავლენის გმირის შთამაგონებელი მოგზაურობა მწვანე ინოვაციების სამყაროში
გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ტენესთან ერთად აღვნიშნავთ და ყურადღებას ვამახვილებთ, თუ როგორ შეუძლია სოციალურ მეწარმეობას გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა.
ტენე არ არის მხოლოდ პროდუქტი - ის პირველი ქართული და მსოფლიოში პირველი მწვანე USB კაბელია, რომელიც მეორადი გადამუშავების პლასტმასისგან იწარმოება; აგროვებს ნარჩენებს და ქმნის მდგრადობის ახალ სტანდარტს; წეროვანში გახსნილი საწარმოთი აძლიერებს ადგილობრივ თემს და ხელს უწყობს ქვეყანაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
როგორ დაიწყო და ვითარება "ტენეს" ისტორია მწვანე ინოვაციების სამყაროში - ტენეს დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა სოციალური საწარმოების B2B გამოფენის სტუმრებს გაუზიარა.
სანდრო ლილუაშვილი
სოციალური საწარმო ტენეს დამფუძნებელი
კომპანია ტენე არის პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი მწვანე USB კაბელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მზადდება მეორადი პლასტმასისგან და მისი კონცეპტუალური მიზანიც არის გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა.
ჩემი ისტორიის მოყოლას დავიწყებ 1907 წლით, როდესაც კაცობრიობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ეს თარიღი უკავშირდება პირველი, სრულად სინთეტიკური პლასტმასას შექმნას. რატომ იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა? იმიტომ რომ, მან გაადვილა წარმოების შესაძლებლობები და მომდევნო ათწლეულებში საშუალება მისცა ადამიანს, განევითარებინა წარმოება, კომფორტული გაეხადა მისი ცხოვრება და დაიკავა ადგილი ერთჯერადი მოხმარების შეფუთვის ინდუსტრიაშიც კი.
მოსახლეობა 2 მილიარდიდან გაიზარდა 8 მილიარდამდე და პლასტმასას უნიკალური თვისებები გახდა მისი ყველაზე დიდი ნაკლი ამავდროულად, იმიტომ რომ პლასტმასა ძლებს საუკუნეები და 8 მილიარდი ადამიანი ერთჯერად მოხმარების საგნებში მოვიხმართ მას, დედამიწა ვეღარ უმკლავდება ამ გამოწვევას.
პლასტმასა არ განიცდის ბიოდეგრადაციას, იგი მხოლოდ და მხოლოდ მიკრო-პლასტმასად იშლება და უკვე მიმოფანტული არის ყველგან: მდინარეებში, წყლებში მიწაში და თქვენ წარმოიდგინეთ, იგი უკვე ხვდება ჩვენს ორგანიზმშიც კი. ჯერ დამარხული და მერე გრუნტის წყლებში მოხვედრილი პლასტმასა ერევა ჩვენს სასმელ წყლებს და ხვდება ჩვენს ორგანიზმში - იწვევს სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ დაავადებას, პათოლოგიებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრებას.
სწორედ აქედან იწყება ის ნაწილი, სადაც ჩემმა საწარმომ დადო პატარა წვლილი ამ პრობლემის წინაშე ბრძოლაში. 2017 წელს მე გახლდით ჩინეთში წასული სადაც უნდა გავცნობოდი ტექნოლოგიას, მინდოდა, რომ საქართველოში მეწარმოებინა USB კაბელი, მაგრამ ჩინეთში ყოფნის დროს აღმოვაჩინე რომ, წარმოებაში უნდა გამომეყენებინა პირველადი პლასტმასა.
ჩემი პროდუქცია არ იქნებოდა ერთჯერადი მოხმარების. ერთი ან ორი წელი ვიხმართ ამ USB კაბელს, მაგრამ როდესაც გაფუჭდება ხომ ისიც გახდება ნარჩენი და დააბინძურებს გარემოს ტოქსიკური ნივთიერებით. ეს არ მინდოდა და აი, ამის საპასუხოდ, საკმარისი იყო მხოლოდ და მხოლოდ მონდომების, სურვილის გამოჩენა და ძალიან ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ, მე აღმოვაჩინე, რომ თურმე, შემიძლია ბოთლის თავსახურები დავფქვა, მივიღო მასალა და იმ პირველადი პლასტმასის ნაცვლად გამოვიყენო წარმოებაში. სწორედ ასე გამომივიდა პირველი, მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც ასე თუ ისე ჰარმონიაშია გარემოსთან.
მომდევნო წლებში, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ბოთლის თავსახურის შემგროვებლებზე, შემდეგ მომხმარებლებმა მოგვწერეს, რომ სადაც ბოთლის თავსახურებს აგროვებთ, იქაც ბარემ ბოთლები შეაგროვეთო. დავიწყეთ ბოთლების შეგროვება, გადავიქეცით ნარჩენების მართვის კომპანიად - ამან მოგვიტანა ძალიან დიდი აღიარება. თუმცა, ძალიან პრობლემატური არის ბოთლის ტრანსპორტირება, გამომდინარე იქიდან, რომ ფასი აქვს მიზერული, ადგილს იკავებს დიდს... ძალიან დიდ სირთულეებს წავაწყდით. სწორედ, აქ გამოჩნდა გავლენის ფონდი აქციო, რომლისგანაც მოვიპოვეთ 50 000 ევროს ოდენობის დაფინანსება და ჩვენ საშუალება მოგვეცა შევისყიდოთ შესაბამისი პრესები, შესაბამისი აღჭურვილობა და უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ პლასტმასით დაბინძურებას. ამ ეტაპზე, თუ თვეში დაახლოებით 4 ტონამდე პლასტმასას ვაგროვებთ, ამოვიღებთ მოსახლეობის ბრუნვიდან და გადავამუშავებთ ჩვენი მეგობარი კომპანიების დახმარებით, მომავალში, აქციოს დახმარებით ავალთ 20 ტონამდე.
და ბოლოს, ვიტყვი იმას, რომ ასეთი კონსოლიდაციით, ერთიანი მონდომებით, აი, ასეთი სახის დახმარებით საზოგადოების მხრიდან, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ამ ამ პრობლემისგან ვიხსნით დედამიწას და ჩვენს მომავალს.
იხილეთ ვიდეო სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან:
ღონისძიების შესახებ
სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან.
პროექტის შესახებ
ტენე მხარდაჭერილია გავლენის ფონდ აქციოს მიერ, პროექტის „ცვლილებები დადებითი თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკომისიის (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) Impact Europe-თან ერთად ახორციელებს.