სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

როგორ დავწეროთ წარმატებული ბლოგი სოციალურ მეწარმეობაზე?

9 რჩევა წარმატებული ბლოგის დასაწერად

გიგა ჩიტიშვილი • 19.12.2022

ბლოგის წერა გამოცდილებების გაზიარების ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, სადაც მკითხველს შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი იდეებისა და შეხედულებების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე.

სოციალური მეწარმეობა კონცეფციაა, რომლის განვითარებაც საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით შეიქმნას ქართულენოვანი მასალები და ამ მიმართულებით ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებებისა და შეხედულებების შესახებ ინფორმაცია. ამ პროცესში კი ბლოგს შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამიტომ ვიფიქრე გამეზიარებინა 9 დეტალი გასათვალისწინებლად, რაც დაგეხმარებათ ზოგადად ბლოგის, ჩვენ შემთხვევაში კი სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული ბლოგის დასაწერად.

 

1.    გაითვალისწინეთ სამიზნე აუდიტორია

ბლოგის წერაზე მუშაობა უნდა დაიწყოთ შემდეგ კითხვებზე დაფიქრებით:

1.1. რა არის პრობლემა, (*თუ ბლოგი ეხება პრობლემურ ამოცანას) რასაც თქვენი სამიზნე აუდიტორია აწყდება, და შესთავაზოთ მათ თქვენი ხედვები გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

1.2. რა არის ცოდნის დონე სამიზნე აუდიტორიაში ბლოგის საკითხთან დაკავშირებით?

1.3. რა არის ბლოგის მიზანი? განათლება, შთაგონება, მოტივაცია თუ უფრალოდ საკითხების შეხსენება?

 

2.    გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები, ე.წ. Key words

საკვანძო სიტყვების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ამარტივებს ბლოგის ხილვადობას ინტერნეტ სივრცეში. სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე ასეთი სიტყვები შეიძლება იყოს:

#სოციალური #მეწარმეობა #გავლენა #ინვესტირება #დაფინანსება #გრანტი #მხარდაჭერა #ცვლილებები და ა.შ.

ე.წ. Key Words უნდა დომინირებდეს ბლოგის ტექსტშიც, სასურველია სათაურშიც, და ცალკეც უნდა იყოს გამოტანილი ბლოგის საიტზე განთავსებისას Key word ველში.

 

3.    შექმენით ბლოგის მონახაზი

ბლოგის წერამდე პროცესის გასამარტივებლად სასურველია შექმნათ ბლოგის მონახაზი, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

3.1. ბლოგის თემატიკა: მაგ: სოციალური მეწარმეობა და მწვანე საწარმოები, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება, სოციალური მეწარმეობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური საწარმოები და სოციალური მედია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოები და ა.შ.

3.2. ბლოგის ქვე-საკითხები: მაგალითად, თუ ბლოგის თემატიკაა სოციალური მეწარმეობა, ბლოგის ქვე-საკითხები შესძლოა იყოს: სოციალური მეწარმეობის განვითარების ისტორია, იურიდიული ფორმები, ევროპული გამოცდილება, ქართული რეალობა და ა.შ.

 

4.   შეურჩიეთ ბლოგს შესაფერისი სათაური

იმისათვის, რომ ბლოგი საინტერესო იყოს მომხმარებლებისთვის და მარტივად იძებნებოდეს ინტერნეტ სივრცეში, სასურველია ბლოგი დაასათაუროთ კითხვით ფორმაში. ძებნისას მომხმარებლები სვამენ კითხვებს, თუ ეს კითხვა დაემთხვევა ბლოგის თემატიკას, ძებნის ველი უფრო მარტივად გახდის ფართო აუდიტორიისთვის თქვენ მიერ შექმნილ კონტენტს ხელმისაწვდომს. მაგალითისთვის, სათაურები ზემოთ მოყვანილი ბლოგის საკითხებიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • რა განსხვავებაა სოციალურ და მწვანე საწარმოებს შორის?
  • რა არის გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება?
  • რა განსხვავებაა სოციალურ საწარმოებსა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის?
  • როგორ შეიძლება გამოიყენონ სოციალურმა საწარმოებმა სოციალური მედიის არხები ეფექტურად?
  • რატომ უნდა გავზომოთ სოციალური გავლენა?
  • როგორ უნდა გავზომოთ სოციალური გავლენა?
  • რა არის შრომითი ინტეგრაცია და როგორ შეიძლება მისი მიღწევა სოციალური საწარმოების შემთხვევაში?

როგორც შეამჩნიეთ, ბლოგის სათაურების მაგალითები ძირითადად იწყება კითხვით რა, რატომ, როგორ? ეს იმიტომ, რომ მომხმარებლები ხშირად სწორედ ასე ეძებენ სასურველ ინფორმაციას ძიების ველში, და ძიების თანამედროვე ალგორითმიც სწორედ მომხმარებელზეა მორგებული და არა კონტენტის შემქმნელზე.

 

5.    მოიზიდეთ მკითხველი პირველივე აბზაცში

ბლოგის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია, მკითხველმა საკუთარი თავის ამოცნობა უნდა შეძლოს პირველივე ორ წინადადებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკითხველმა პირველივე წინადადებებში უნდა „ჩაიჭიროს“ მისი ინტერესი ბლოგის თემატიკასთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნულისა, თუ ბლოგის შექმნისას ვებ-გვერდს ცალკე არ გააჩნია აღწერის ველი, საძიებო სისტემაში ბლოგის გამოჩენისას სწორედ ბლოგის პირველი აბზაცი გამოაქვს ძიების ველს, ანუ ეს ასრულებს აღწერის ფუნქციას.

იმისათვის, რომ ბლოგის მკითხველი პირველივე წინადადებებით დავაინტერესოთ სასურველია შინაარსი დაიწყოთ საინტერესო ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემებით ან ფაქტებით, პერსონალური ისტორიით, მაპროვოცირებელი შეკითხვით და ა.შ.

 

6.    კონცენტრირდით წერის სტილსა და ტექსტის ფორმატირებაზე

ბლოგის წერისას, ვფიქრობ, საჭიროა უშუალო სტილის გამოყენება, ასევე, მარტივად და გასაგებად აზრის გადმოცემა. თქვენი მიზანი არ არის, რომ მკითხველში უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვიოს რთულად გასაგებმა წინადადებებმა ან სიტყვებმა - პირიქით, გინდათ, რომ მკითხველამდე ინფორმაცია მარტივი და გასაგები ენით მიიტანოთ. ამ პროცესში კი უშუალობა - მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტექსტის ფორმატირებას, სასურველია ბლოგის თითოეული ნაწილი ისე იყოს დასათაურებული, რომ მკითხველისთვის ტექსტის გაგება გამარტივდეს. მნიშვნელოვანი სიტყვები შეიძლება მუქად გამოყოთ, ან მიაკავშიროთ თქვენივე გვერდზე ამ სიტყვის განმარტებასთან დაკავშირებულ ქვეგვერდს (ამაზე საუბარი ქვემოთ გვექნება).

დაბოლოს, ბლოგის წერისას სასურველია თავი მკითხველის როლში წარმოიდგინოთ.

 

7.    გამოიყენეთ აუდიო-ვიდეო-ფოტო ვიზუალური მედია საშუალებები

შინაარსში ვიზუალის ინტეგრირება მნიშვნელოვანია ბლოგის ხილვადობის გასაზრდელად და მკითხველის დასაინტერესებლად.

რეკომენდირებულია, რომ დაახლოებით 1000 სიტყვიან ბლოგზე რამდენიმე ფოტო მაინც გამოიყენოთ ვიზუალისთვის.

ასევე, არსებობს პრაქტიკა, რომ ბლოგის წერის დასრულების შემდგომ ჩაწეროთ ერთ ან რამდენიმეწუთიანი ვიდეო მიმართვა, რომლითაც შეეცდებით მკითხველი დააინტერესოთ თქვენი ბლოგით.

 

8.     დაუკავშირეთ ბლოგის შინაარსი თემატურ სიტყვებს

ბლოგის შინაარსზე მუშაობისას რეკომენდირებულია, რომ შინაარსში გამოყენებული სიტყვები დაუკავშიროთ იმავე ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას. ეს ზრდის ბლოგის ხილვადობის ხარისხს.

მაგალითად, თუ ბლოგში ახსენებთ კონცეფციას „სოციალური მეწარმეობა“, ის შეიძლება დაუკავშირდეს ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას კონცეფციის ახსნასთან დაკავშირებით.

 

9.    სთხოვეთ მომხმარებელს უკუკავშირი

ბლოგის ბოლოს მკითხველს შესაძლოა მოვუწოდოთ მოქმედებისკენ - ვებ-გვერდზე მოსალოდნელი სიახლეების ან ბლოგის განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოწერისგენ. ასევე, ვებ-გვერდის ფუნქციონალიდან გამომდინარე მომხმარებელს შეიძლება მოვუწოდოთ უკუკავშირის კითხვარის შევსებისკენ.

- - -

დაგაინტერესად ბლოგის შინაარსმა და გსურთ ავტორთან გასაუბრება? ჩანიშნეთ კონსულტაცია ჩვენი ინტერაქციული კალენდრის მეშვეობით