სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

რა არის გავლენის ინვესტირება და რატომ არის ის მომავლის ეკონომიკის ნაწილი?

21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას: გარემოს დაბინძურება, სიღარიბე, ჯანდაცვასა და განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება და სხვა - გამონაკლისი არც საქართველოა.

ამ პრობლემების მოგვარებას კომპლექსური მიდგომები და სხვადასხვა სექტორის აქტიური ჩართულობა, პარტნიორობა ესაჭიროება.

ათწლეულების მანძილზე სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ძირითადი ლოკომოტივები მთავროები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფონდები იყვნენ. თუმცა, მე-20 საუკუნის ბოლოდან, ამ სფეროში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ბიზნეს სექტორს, რომელსაც გააჩნია ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანების წინაშე არსებული მწვავე გამოწვევების მოგვარებაში.

სხვადასხვა სოციალური გამოწვევის დაძლევის მიზნით, 70-იანი წლებიდან ევროპაში ჩნდებიან სოციალური საწარმოები. მათი უპირველესი მიზანი კონკრეტული საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაა ბიზნეს მიდგომების გამოყენებით.

ისინი ქმნიან განათლების და დასაქმების შესაძლებლობებს, ავითარებენ გარემოში ნარჩენების შემცირების ახალ მოდელებს, ხელს უწყობენ რეგიონებისა და სოციალური სერვისების განვითარებას. მიღებულ ფინანსურ მოგებას კი უმეტესწილად ისევ სოციალურ მიზნებსა და საწარმოს განვითარებას ახმარენ.

ასეთი საწარმოების შექმნას თავდაპირველად უფრო მეტად საზოგადოებრივი სექტორი და ფონდები უჭერდნენ მხარს, თუმცა ნელ-ნელა წამოვიდა მათი მასშტაბების ზრდის აუცილებლობა, რაც უფრო მსხვილ საინვესტიციო საჭიროებებს წარმოქმნის.

სწორედ მათი მხარდაჭერისთვის ნელ-ნელა გაჩნდა ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა პასუხისმგებლობიანი ინვესტირება, გავლენის მქონე ინვესტირება, სოციალური ინვესტირება და სხვა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, გავლენის ინვესტირება გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების შექმნა, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება. თუ ადრე ეს მხოლოდ მთავრობისა და დონორების პასუხისმგებლობა იყო, დღეს ბიზნეს სექტორიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ცვლილების მამოძრავებელი ძალა.

გავლენის ინვესტირება დღეს უკვე მძლავრი გლობალური ტენდენციაა, რომლის მიმართ ინტერესიც წლიდან წლამდე მზარდია.

მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, გავლენის ინვესტირების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1,5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და ბოლო ხუთ წელში 21%-ით არის გაზრდილი.

უფრო უკეთ რომ აღვიქვათ, თუ სად დგას გავლენის მქონე ინვესტირება სოციალურ და ეკონომიკურ ეკოსისტემაში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მხარეს დგას კლასიკური ფილანთროპიული მხარდაჭერის მოდელი, რომლის პირველადი ამოცანა დადებითი სოციალური ცვლილების მიღწევა. ხოლო მეორე მხარეს დგას ტრადიციული ინვესტირება, რომლის მთავარი ფოკუსი რაც შეიძლება მეტი ფინანსური მოგების მიღებაა. ამ ორ მხარეს შორის რეალურად დიდი სივრცეა და აი, ამ სივრცეს ავსებს გავლენის  ინვესტირება, რომელიც მათ საუკეთესო მხარეებს აერთიანებს და ხელს უწყობს როგორც საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებებს, ასევე ქმნის ფინანსურ უკუგებას.

გავლენის მქონე ინვესტიციები არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ ინვესტიას. ის გამორჩეულია იმით, რომ ხასიათდება სამი აუცილებელი პრაქტიკით. სწორედ მათი ერთდროულად და სისტემურად გამოყენება განასხვავებს მას ტრადიციული ინვესტიციებისგან თუ  ფილანტროპიული საქმიანობისგან. ესენია:

  • საჭიროებებზე მორგებული ფინანსური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, მაგალითად: სესხი, კაპიტალი, გრანტი, მეზონინური დაფინანსება და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტები.
  • ტექნიკური დახმარება, რაც მოიაზრებს სოციალური საწარმოს მხარდაჭერას ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსის გაძლიერების მიმართულებით.
  • სოციალური გავლენის შეფასება და მართვა, რაც სანდო ინფორმაციას აძლევს როგორც სოციალურ საწარმოებს, ასევე ინვესტორებს მიღწეული სოციალური თუ გარემოსდაცვითი შედეგების შესახებ და ქმნის კიდევ უფრო მასშტაბური დადებითი ცვლილებების საფუძველს.

გავლენის ინვესტირებას აქვს ორი ძირითადი სტრატეგია:

პირველი ეს არის -  ინვესტიცია გავლენისათვის (Investing for Impact). ამ შემთხვევაში, ინვესტორისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სოციალური გავლენა და ის მზადაა, ამ მიზნისთვის ფინანსური მოგებ ნაწილობრივ ან  სრულადაც კი დათმოს.

მეორე სტარტეგია არის ინვესტიცია გავლენასთან ერთად (Investing with Impact). ამ დროს ინვესტორისთვის თაბრად მნიშვნელოვანია როგორც საბაზრო მოგება, ასევე საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების შექმნა.

ეს ორივე სტრატეგია ქმნის სივრცეს ისეთ პროექტებისთვის, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს, გარემოსა და ეკონომიკას.

გავლენის ინვესტორები შეიძლება იყვნენ:

  • საერთაშორისო ორგანიზაციები
  • ფონდები
  • სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები
  • ინდივიდუალური პირები

ისინი გავლენის საინვესტიციო ფონდების მეშვეობით ქმნიან დადებით საზოგადოებრივ სარგებელს.

გავლენის ინვესტორების მოლოდინები განსხვავდება: ზოგი წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ მოგებას ელის, ზოგს მხოლოდ კაპიტალის დაბრუნება სურს, ზოგს კი - მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებელი.

საერთო იდეა ასეთია: ფულს, რომელსაც ისინი დებენ კონკრეტულ საქმეში, უნდა ქმნიდეს ღირებულებას საზოგადოებისთვის.

გავლენის ინვესტირება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად აქტიურად მკვიდრდება საქართველოშიც. 2022 წელს ევროკომისიისა (DG ENEST) და Impact Europe-ს მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) შექმნა პირველი გავლენის ფონდი "აქციო. ფონდის პორტფელი ამ ეტაპისთვის 6 სოციალურ საწარმოს აერთიანებს. მათ გაძლიერებაზე აქციოსაერთაშორისო და ადგილობრივი გავლენის ინვესტორების ჩართულობით ზრუნავს, რომელთა მხარდაჭერითაც ხელს უწყობს მდგრად ცვლილებებს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ გავლენის ინვესტორებს შორის იყვნენ ბიზნეს სექტორიდან მიკრობანკიემბისი“ და პირველი კერძო გავლენის ინვესტორი ნიკოლოზ ალავიძე, რომლებმაც გავლენის ფონდში ინვესტირებითა და პორტფელის წევრი საწარმოების მხარდაჭერით, ხელი შეუწყვეს გავლენის ინვესტირების ეკოსისტემის ფორმირებას ჩვენს ქვეყანაში.

გავლენის ინვესტირება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფინანსური მოგება.

ის გვიჩვენებს, როგორ შეუძლია კაპიტალს ხელი შეუწყოს სისტემურ სოციალურ ცვლილებებს განათლებაში, ეკოლოგიაში, თანასწორობაზე ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შენებაში.

ეს არის ახალი ეკონომიკური მოძრაობა - მომავლის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, კომპანიებსა და ფონდებს იმისთვის, რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველომაც დაიკავოს თავისი ადგილი გლობალურ  ეკოსისტემაში - იქ, სადაც ინვესტიცია ქმნის ცვლილებას და ბიზნესი ნიშნავს ზრუნვას.

 

იხილეთ ვიდეო გავლენის ინვესტირების შესახებ: