სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური ინვესტირება: მსგავსება და განსხვავება

რით განსხვავდება გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება ფინანსური მხარდაჭერის სხვა მიდგომებისგან?

დღესდღეობით მსოფლიოში ბევრნაირი ინვესტორი არსებობს, რომელთაც შესაძლოა განსხვავებული მიზნები ამოძრავებდეთ. ზოგისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობას დიდი ფინანსური მოგების მიღების პოტენციალი აქვს. ზოგიერთს მოგებასთან ერთად დადებითი სოციალური გავლენის შექმნაც სურს, ხოლო სხვებისთვის პრიორიტეტულია მდგრადი სოციალური გავლენის მიღწევა და ამისათვის სამეწარმეო მიდგომების გამოყენება. სწორედ ამ უკანასკნელს ვუწოდებთ გავლენაზე ორიენტირებულ ინვესტირებას (Social Impact Investing).

ეს არის სოციალური საწარმოების მხარდაჭერისა და გაძლიერების თანამედროვე მიდგომა, რომელიც გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მოხდენა, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება.

გავლენის ინვესტორები შეიძლება იყვენენ, როგორც ინდივიდუალური პირები, ისე კომპანიები. ხშირად ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად სოციალური გავლენის ფონდებს იყენებენ. ასეთი ფონდები გავლენის ინვესტორებისგან მიღებული ფინანსური რესურსით ხელს უწყობენ სოციალური საწარმოების განვითარებას. განვითარებაში კი იგულისხმება სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ორგანიზაციული გაძლიერება და მიღწეული დადებითი გავლენის შეფასება.

სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ინვესტირება გავლენისათვის (Investing for impact) და ინვესტირება გავლენასთან ერთად (Investing with impact). თუმცა, როგორც ვახსენეთ, ინვესტიციების სპექტრი უფრო ფართოა და ასევე მოიცავს როგორც საგრანტო მხარდაჭერას, ისე პასუხისმგებელ/მდგრად და ტრადიციულ ინვესტირებას. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და მისი მომიჯნავე კონცეფციების ერთმანეთისგან განსხვავება. ამისათვის შევხედოთ სტატიაში მოცემულ სქემას

აღნიშნული გრაფიკი ასახავს განსხვავებას ტრადიციულ, პასუხისმგებელ და სოციალური მიზნით ინვესტირებას, ასევე, საგრანტო მხარდაჭერას შორის:

ტრადიციული ინვესტირება უმეტესად ფოკუსირებულია მოგების მიღებაზე, მისთვის დადებითი გავლენა არ არის მნიშვნელოვანი.

პასუხისმგებელი, იგივე მდგრადი ინვესტირება გულისხმობს საინვესტიციო ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური, გარემოსდაცვითი და ეთიკური ფაქტორების გათვალისწინებას ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად. ეს არის გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიზანია ერთდროულად მიაღწიოს მდგრად ფინანსურ შედეგებსა და დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენას. ეს მიდგომა ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, არ მიაყენოს ზიანი გარემოსა და ადამიანებს და შექმნას გარკვეული სოციალური გავლენა. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში დადებითი გავლენა არ წარმოადგენს პირველად მიზანს და უფრო მეტად დამხმარე საშუალებაა ბიზნეს მიზნების მიღწევისათვის.

ტრადიციული საგრანტო მხარდაჭერის შემთხვევაში პირველადი ამოცანა სოციალური გავლენის მიღწევაა, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა ხშირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების მდგრადობის საკითხი.

ინვესტიცია გავლენისათვის (Investing for Impact) და ინვესტიცია გავლენასთან ერთად (Investing with Impact) წარმოადგენს სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების/ვენჩურული ფილანტროპიის ქვეკატეგორიებს. ეს ორი მიდგომა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებისთვისაც გარკვეული მოგების მიღებასთან ერთად ფასეულია დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის მოხდენა. ასევე, სოციალური მიზნების მქონე ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით სოციალური საწარმოებისთვის, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება სოციალური და ბიზნეს მიზნების განხორციელებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ინვესტიციების სპექტრს რომ გადავხედოთ, ეს ორი მიდგომა ტრადიციულ საგრანტო მხარდაჭერასა და პასუხისმგებელ ინვესტირებას შორის დგას და ამ კონცეფციების გარკვეულ მახასიათებლებსაც ფლობს, მაგალითად, გავლენის ინვესტორებმა შეიძლება ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტად გამოიყენონ როგორც გრანტი, ისე კაპიტალი და სესხი.

აღნიშნულ ორ მიდგომას შორის ძირითადი განსხვავებები შემდეგია:

ინვესტორები გავლენისათვის უპირველეს მიზნად ისახავენ დადებითი სოციალური გავლენის მიღწევას, რომელსაც შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს ფინანსური მოგება; ისინი პოტენციურ ფინანსურ მოგებას განიხილავენ დადებითი სოციალური გავლენის მიღების ინსტრუმენტად და შესაძლოა თმობდნენ კიდეც ფინანსურ სარგებელს, ან მის ნაწილს, უფრო მასშტაბური სოციალური გავლენის შექმნისათვის. ინვესტორებმა გავლენისათვის შეიძლება მხარი დაუჭირონ, როგორც ფინანსური მდგრადობის პოტენციალის მქონე სოციალურ საწარმოებს, ასევე ისეთ სოციალურ საწარმოებს, რომელთაც უკვე დადასტურებულად აქვთ შემუშავებული მდგრადი ბიზნეს მოდელი. აღნიშნული მიდგომით მომუშავე ზოგიერთი ინვესტორი ხელს უწყობს სოციალური მიზნის მქონე ისეთ ორგანიზაციებსაც, რომელთა საქმიანობა თვითშენახვადი ვერასდროს იქნება და რომელთაც მუდმივად მოუწევთ გარე რესურსების მობილიზებაზე ზრუნვა.

ინვესტიცია გავლენასთან ერთად (Investing with Impact) ინვესტორები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ინვესტიციებზე გავლენასთან ერთად კი პირიქით, სოციალურ გავლენას განიხილავენ მეორად მიზნად, ფინანსური მოგების მიღების საშუალებად. შესაბამისად, ინვესტიციის შესაძლებლობებს არჩევენ უპირველესად ფინანსური მოგების მიღების პოტენციალის მიხედვით და შემდეგ უღრმავდებიან შესაძლო სოციალურ გავლენას; ისინი არასდროს თმობენ ფინანსურ მოგებას მეტად მასშტაბური სოციალური გავლენის შექმნისათვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი უპირველესი მიზანი ფინანსური სარგებელია, ხოლო გავლენა შედარებით მეორეხარისხოვანია. მიუხედავად ამისა, ინვესტირება გავლენასთან ერთად აუცილებლად მოიცავს სოციალური ან გარემოსდაცვითი გავლენის კომპონენტს. აქედან გამომდინარე, ინვესტირება გავლენასთან ერთად უმეტესად მოიაზრებს გამოცდილი და მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე სოციალური საწარმოებისა და ტრადიციული ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებიც, ფინანსურთან ერთად, გარკვეულ სოციალურ სარგებელსაც ქმნიან.

ზემოთ წარმოდგენილი სქემა კარგად გვაჩვენებს, რომ ინვესტირება გავლენასთან ერთად უფრო მეტად არის ორიენტირებული დადებით ცვლილებებზე, ვიდრე პასუხისმგებელი ინვესტირება და, ამასთანავე, ორივესთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური სარგებლის მიღება. ამ ორი მიდგომისგან განსხვავებით კი, ინვესტირება გავლენისათვის პრიორიტეტულ, პირველად, მიზნად ისახავს სოციალური და/ან გარემოსდაცვითი გავლენის შექმნას. აგრეთვე, სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება მოიაზრებს სოციალური საწარმოების არამარტო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, არამედ გრძელვადიან მხარდაჭერას ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და მიღწეული გავლენის გაზომვის მიმართულებით.

სტატიაში წარმოდგენილი ინვესტირების მიდგომები ქმნის სხვადასხვა სახის საწარმოს მხარდაჭერისა და გაძლიერების მრავალფეროვან შესაძლებლობას. ინვესტორები თავად წყვეტენ, რა ტიპის ორგანიზაციასთან ითანამშრომლებენ, რომელ ფინანსურ ინსტრუმენტს (კაპიტალი, სესხი, გრანტი, ჰიბრიდული ინსტრუმენტები) გამოიყენებენ, იზრუნებენ თუ არა ინვესტირებული ორგანიზაციის განვითარებაზე, რა სახის სოციალურ და ფინანსურ უკუგებას ელიან და ა.შ.

რთულია იმის თქმა, თუ ინვესტირების რომელი ტიპია უკეთესი. მთავარი მათ შორის განხვავებებისა და მსგავსებების ცოდნაა. რომელიმე მათგანის გამოყენების გადაწყვეტილებას კი, რა თქმა უნდა, ინვესტორი იღებს.