სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

როგორ გახდა წეროვანის დევნილთა დასახლებაში შექმნილი "იკორთა" გავლენის გმირი

„ჩვენი ისტორია დაიწყო კოტეჯის ერთი ოთახით, იდეით, რწმენით და მიზნით, რომ იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის შეგვექმნა თერაპიის, ეკონომიკური გაძლიერების, ახალი პროფესიის შეძენის სივრცე"

"იკორთა", როგორც სოციალური მეწარმეობის გავლენის გმირი, საკუთარი ისტორიით, სოციალური საწარმოების B2B გამოფენაზე წარსდგა მაყურებლის წინაშე.

 

ანა ახლოური

სოციალური საწარმო "იკორთა"

 

გაგაცნობთ იკორთას, ერთ-ერთ პირველ სოციალურ საწარმოს საქართველოში, რომლის ისტორიაც იწყება ძალიან უსიამოვნო მოვლენის შემდეგ. მინდა, გაგახსენოთ 2008 წლის ომი, რომლის შედეგადაც 26 000 ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი და მათ დევნილთა დასახლებებში გააგრძელეს ცხოვრება. რა თქმა უნდა, გამოჩნდა მალევე ძალიან ბევრი პრობლემა და გამოჩნდა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

„იკორთა“ 2011 წელს შეიქმნა და ჩვენ შევქმენით საწარმო 700 დოლარით, კოტეჯის ერთი ოთახით, იდეით, რწმენით და მიზნით, რომელშიც დარწმუნებული ვიყავით, რომ აუცილებლად უნდა გამოსულიყო. იმიტომ რომ, ჩვენი მიზანი იყო იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის შეგვექმნა ეკონომიკური გაძლიერების, ახალი პროფესიის შეძენის და უბრალოდ, კომფორტის ზონა, სადაც შეძლებდნენ, რომ საკუთარი შემოქმედებითობა გამოეხატათ და ეს ყოფილიყო მათთვის ერთგვარი თერაპიაც. ამის შემდეგ ჩვენ დავასაქმეთ იძულებით გადაადგილებული 9  ქალი, 100-ზე მეტ ქალს შევასწავლეთ ტიხრული მინანქარი სრულიად უფასოდ და ახლა, ისინი ჩვენთან ერთად ქმნიან იკორთას ისტორიას და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ 2011 წლიდან-დღემდე ვთავაზობთ მათ სტაბილურად მზარდ ხელფასს, სადაც საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1500 ლარი.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მასტერკლასების ისტორიაც, რომელსაც 2015 წლიდან ვქმნით და ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვდივართ გარკვეულ საინფორმაციო ომში ერთ-ერთი მონაწილეები და ვცდილობთ, რომ ომისა და ოკუპაციის შესახებ მაქსიმალურად გავზარდოთ ცნობიერება, ინფორმირებულობა და ჩვენს მასტერკლასებს 2000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ როგორც მათი, ასევე კომპანიების დაინტერესება, რომლებიც გახდნენ ჩვენი ინვესტორები, პარტნიორები და გვეხმარებიან საკუთარი გავლენის გაზრდაში. მომავალ წელს 25 ათას დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება იკორთაში, რაც დაგვეხმარება სივრცის გაფართოებასა და უფრო მეტი ქალის დასაქმებაში.

როცა იკორთაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვხვდები, რომ მავიწყდება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები და გავლენა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ თავად ვართ ის ადამიანები, ვინც ომი საკუთარ თავზე გამოიარა და ფაქტობრივად, ვეხმარებით არა სხვას, არამედ ვეხმარებით და ვაძლიერებთ საკუთარ თავს.

იკორთა არის ჩემთვის მთავარი გავლენის გმირი, რადგან შეძლო ჩემთვის დაენახებინა კოტეჯები, რომლებსაც ხშირად ხედავთ ავტობანიდან და ასოციაციებს იწვევს სახლუკების, გარკვეულწილად, სკების და ერთფეროვნების. თუმცა, იკორთამ დამარწმუნა, რომ ერთ-ერთი ასეთი კოტეჯი შეიძლება გამხდარიყო ადგილი, სადაც საკუთარ თავს, საკუთარ პროფესიას, ახალ შესაძლებლობებს და ახალ რესურსებს ვიპოვიდი. თუ დავსვამთ მთავარ კითხვას, რატომ არის იკორთა გავლენის გმირი, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ იკორთამ შეძლო წეროვანი შეეცვალა ადამიანებისთვის და წეროვანი გამხდარიყო მათთვის ადგილი, სადაც იპოვიდნენ განვითარების შესაძლებლობას და სადაც ახალგაზრდები, როგორც მე, იპოვიდნენ საკუთარ ადგილს და იდენტობას.

13 წლის ანასთვის რომ გეკითხათ, 10 წლის შემდეგ სად წარმოუდგენია თავისი თავი, ვერ წარმოიდგენდა, რომ იკორთას შესახებ მოგიყვებოდათ აქ და ახლა. მაგრამ მგონია, რომ სწორედ ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და სოციალური საწარმო ქმნის.

 

იხილეთ ვიდეო სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან: 

 

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში. ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის, წარმოადგინონ პროდუქცია და სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან.