სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

"თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" - პარტნიორების სამუშაო შეხვედრები ვენაში

სამუშაო ვიზიტის შესახებ

ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" ფარგლებში ვენაში, პროექტის პარტნიორებისა და მხარდამჭერების სამუშაო შეხვედრები გაიმართა. 

ვიზიტის მიზანი გამოცდილების გაზიარება, გაწეული საქმიანობის შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
 
შეხვედრებში CSRDG-ს დირექტორი და სოციალური მეწარმეობის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე იმყოფებოდნენ სოციალურ საწარმოთა ალიანსი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC და ინდივიდუალური გავლენის ინვესტორი ნიკოლოზ ალავიძე.

ღონისძიებებს ასევე ესწრებოდა ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი დაგ მილერი. დაგ მილერი გავლენის ინვესტორი და მსოფლიო მასშტაბით მოქმედი ფილანტროპიისა და სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ქსელების, მათ შორის გავლენის ფონდების აქტიური მხარდამჭერია.

პროექტის ფარგლებში, პირველი გავლენის ფონდები საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში იქმნება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფონდის მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა პარტნიორებს ფონდის დაფუძნებისთვის გაწეული საქმიანობის, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

 შეხვედრებზე მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს ევროპის მასშტაბით მოქმედმა სოციალურ ეკონომიკის განვითარებაზე მომუშავე ფონდების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ: Erste Group Bank, New Paradigm Ventures, VALLEAN private foundation, Fair Finance, Social Entrepreneurship Fund, Austrian Development Agency, FASE - Financing Agency for Social Entrepreneurship და სხვ.

გავლენის ფონდის შესახებ

პირველი გავლენის ფონდი იქმნება ევროკომისიისა და EVPA-ს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაფუძნდება.  

ფონდის მისიაა ქვეყნის სოციალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოციალური საწარმოების გაძლიერების გზით. ამისათვის ფონდი ქმნის სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლებლობებს როგორც სოციალური გავლენის გაზრდის, ისე ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით.

გავლენის ფონდის მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოსდაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.

პროექტის შესახებ

პროექტი "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის -  სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ხორციელდება ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ლიდერობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად: CSRDG, Impact Hub Yerevan, SILab Ukraine, EduHub, Ecovsio.

პროექტის მიზანია სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

საქართველოში პროექტი ხელს უწყობს:

  • სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პოპულარიზაციას;
  • ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური ინვესტორების ინფორმირებას გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების კონცეფციის მნიშვნელობისა და საქმიანობაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესახებ;
  • პირველი გავლენის ფონდის დაფუძნებას;
  • სოციალური საწარმოების განვითარებას როგორც სოციალური გავლენის, ისე ეკონომიკური შედეგების გაძლიერების მიმართულებით.