სოციალური მეწარმეობის XI ფორუმი
17 ნოემბერს, სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი Pullman Axis Towers-ში გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი სფეროში მიმდინარე წლის შეჯამებას დაეთმო. სოციალურ საწარმოთა ალიანსმა, CSRDG-მ, სოციალურმა მეწარმეებმა და სფეროში ჩართულმა სხვა მხარეებმა ისაუბრეს სფეროში მიმდინარე გამოწვევებსა და მიღწევებზე. ფორუმის დასკვნით ნაწილში, ტრადიციულად, ფარული კენჭისყრის გზით, გამოვლინდა წლის სოციალური საწარმო 2022. ნომინაციაში მონაწილეობდნენ სოციალური საწარმოები ,,დედიკო", ,,ლიდერი" და ,,ტენე".
CSRDG-ს სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ეკა დათუაშვილმა CSRDG-ს მიერ სოციალური მეწარმეობის სფეროში 2022 წლის მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრა. საქართველოში პირველი გავლენის ფონდის "აქციოს" მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა სტუმრებს ფონდის საქმიანობა და სოციალური მეწარმეებისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობები გააცნო.
ფორუმის შესახებ
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა. ფორუმი სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას. სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში. პროექტის ,,სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ დახმარებით, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება, ღონისძიებისადმი ინტერესი და კონცეფციის შესახებ ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით სფეროში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - სოციალური მეწარმეობის ფორუმი და „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაცია დამკვიდრდა. ამ ტრადიციას 2018 წლიდან ალიანსი აგრძელებს და წელს მეთერთმეტედ სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს, 12 ნოემბერს გაიმართა.
წლის სოციალური საწარმო 2022
წლის სოციალური საწარმო 2022 გახდა ტენე, რომელმაც ,,წლის სოციალური საწარმოს“ სტატუსთან ერთად საწარმოს განვითარებისთვის ფულადი ჯილდო მიიღო. ტენესთან ერთად ნომინაციის ფინალში სოციალური საწარმოები დედიკო და ლიდერი იყვნენ.
ფორუმის მხარდამჭერები
ფორუმის მუდმივი მხარდამჭერია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
ფორუმის ვერცხლის სპონსორები იყვნენ: BDO საქართველო, Majorel, The body Shop, ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარა ჯგუფი, სპარკი და ეიჩესი ჯგუფი.
ღონისძიების მედია პარტნიორი იყო: რადიო ფორტუნა.
პროექტის შესახებ
სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო.