ფორუმის შესახებ
„სოციალური მეწარმეობის ფორუმი“ ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG) 2012 წელს ჩაუყარა, 2017 წლის შემდგომ კი ფორუმი სოციალურ საწარმოთა ალიანსის თანაორგანიზატორობით იმართება, რომლის „მთავარი პარტნიორიც“ არის საქართველოს ბანკი.
ფორუმის მიზანი და ფორმატი
ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო 100-მა მონაწილემ ახლადდაარსებული და უკვე მოქმედი სოციალური საწარმოებიდან, ასევე, ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეწარმეობის სფეროში და წარმოადგენენ კონცეფციის მხარდამჭერ ინსტიტუციებს. ფორუმში ჩაერთო სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებიც.
ფორუმი გაიმართა 21 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს.
ფორუმის სპონსორები და პარტნიორები
ორგანიზატორი: სოციალურ საწარმოთა ალიანსი
თანაორგანიზატორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მთავარი პარტნიროი: საქართველოს ბანკი
მხარდამჭერი: თბილისის მერია
ვერცხლის სპონსორი: ფინკა ბანკი საქართველო
ვერცხლის სპონსორი: კოდალა
ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო"
ყოველწლიურად, ფორუმზე ხდება „წლის სოციალური საწარმოს“ შერჩევა ფორუმის მონაწილეების მიერ, ფარული კენჭისყრის მეშვეობით.
2019 წელს „წლის სოციალური საწარმოს“ კონკურსში ნომინირებული იყო 3 სოციალური საწარმო, ესენია:
-
დადარი
-
ბაბალე
-
გუმბათი
მათგან, სოციალურმა საწარმო ბაბალემ ხმების 52%-ით გაიმარჯვა და მოიპოვა "წლის სოციალური საწარმოს" სტატუსი.
ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოს ფორუმის მთავარი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიერ გადაეცა სპეციალური პრიზი, 4000 ლარი საქმიანობის გასაფართოვებლად და უფრო ფართომასშტაბიანი სოციალური შედეგების მისაღწევად.
ბაბალე 2015 წელს დაარსებული სოციალური საწარმოა, რომელიც თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები.