სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლის შესახებ

 

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა წარმატებით მიმდინარეობს!

200-ზე მეტი აპლიკაციიდან საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა აქტიური და წარმატებული 25 ახალგაზრდა. მომავალი ელჩები სასტუმრო "სევსამორაში" 5 დღის მანძილზე სოციალურ მეწარმეობას გაეცნობიან.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები:

  • გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსსა და მნიშვნელობას საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებაში;
  • ესტუმრებიან სოციალურ საწარმოებს, შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს, რომლებიც გაუზიარებენ გამოცდილებასა და ჩართავენ ადგილზე თემატურ ვორქშოპებში;
  • შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს კომუნიკაციების, პროექტების მართვისა და სხვა საჭირო მიმართულებებით.

 

პროგრამის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში იაგო წიკლაურმა გახსნეს. აღინიშნა, ახალგაზრდების განსაკუთრებული როლი რეგიონებში სხვადასხვა გამოწვევის დაძლევის მიმართულებით.

ახალგაზრდებს ასევე მიმართა, წინა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩმა ანა ახლოურმა და წარმატებები უსურვა. 

 

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა სოციალური მეწარმეობის 6 ახალგაზრდა ელჩი, რომლებსაც გადაეცემათ 700 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა. ელჩები შემდგომი 6 თვის მანძილზე უკვე თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ რეგიონებში სოციალური მეწარმეობით ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესებისა და კონცეფციის  შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

განახლებული ფორმატი

 

ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს CSRDG 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, სოციალური მეწარმეებისა და მათი საქმიანობის ახლოს გაცნობა ზოგიერთი მონაწილისთვის ხშირ შემთხვევაში გახდა ბიძგი სოციალური საწარმოების დაფუძნებისკენ, საზღვარგარეთ ამ მიმართულებით განათლების გაგრძელებისკენ, კარიერის დასაკავშირებლად სოც.მეწარმეობასთან და სხვ. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აღნიშნული გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის მიმართ დაინტერესებაც წელს კიდევ უფრო მაღალი იყო.

 

პროექტის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.