სოციალური საწარმოების რიგით მესამე B2B გამოფენა
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლა.
მიზანი
გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას დაესწრო ბიზნეს სექტორის სულ მცირე 200 წარმომადგენელი, 100-მდე სოციალური მეწარმე, წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან, მედიიდან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.
გამოფენის გახსნა
ღონისძიებაზე სტუმრებს მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მესამე B2B გამოფენა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვის ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი, იმოქმედო მაღალი პასუხისმგებლობით და, ამავდროულად, ხელი შეუწყო ზრდას და შექმნა სამუშაო ადგილები, კონკურენტულ ბაზარზე. ჩვენ, ევროკავშირში, ვამაყობთ გამოფენაზე წარმოდგენილ ბიზნესებთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველით დავინახოთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
“სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, ჩვენ უკვე წლებია სისტემატურად ვუჭერთ მხარს როგორც უშუალოდ სოციალურ საწარმოებს, ისე სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს. გვიხარია, რომ სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა დაინერგა და ეს გამოფენაც, სადაც 50-მდე სოციალური საწარმოა წარმოდგენილი, ამ გამოცდილების გაგრძელების კარგი შესაძლებლობაა," - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი მუშაობით, გაერთიანებული რესურსებითა და ერთმანეთის გაძლიერებითაა შესაძლებელი. სოციალური მეწარმეობა კი უნიკალური სტრატეგიაა მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით უპასუხო და დაძლიო ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა მასშტაბის გამოწვევა“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
გამოფენის შესახებ
30 სექტემბერს, მონაწილეები ერთ სივრცეში გაეცნენ 47 სოციალური საწარმოს პროდუქციასა და სერვისს, შეხვდნენ ინდივიდუალურად სოციალურ მეწარმეებს და აღმოაჩინეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
1-ელ ოქტომბერს გაიმართა საშემოდგომო მარკეტი, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს და ადგილზე შეიძინეს საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია.
მხარდამჭერები
B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. წელს, მხარდამჭერები ასევე იყვნენ - თბილისის მერია, EFSE Development Facility, ვერცხლის სპონსორი - Exolot Investments, მედია პარტნიორი - BMG, სერვის პარტნიორი - ნაბეღლავი.