სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა!

200-ზე მეტი აპლიკაციიდან საზაფხულო სკოლისთვის შეირჩა აქტიური და წარმატებული 25 ახალგაზრდა. მონაწილეები თბილისისა და 10 რეგიონის 17 მუნიციპალიტეტიდან შეირჩნენ. 

მომავალი ელჩები სასტუმრო "სევსამორაში" 5 დღის მანძილზე სოციალურ მეწარმეობას გაეცნენ. 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები:

  • გაეცნენ სოციალური მეწარმეობის არსსა და მნიშვნელობას საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებაში;
  • ესტუმრნენ სოციალურ საწარმოებს - პოტერიას, ტენეს, იკორთასა და ბაბალეს, შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებს, რომლებმაც გაუზიარეს გამოცდილება და ჩართეს ადგილზე თემატურ ვორქშოპებში;
  • ესტუმრნენ სოციალური კონცეფციის პირველ მაღაზიას - ესკის;
  • შეიძინეს პრაქტიკული უნარები კომუნიკაციების, პროექტების მართვისა და სხვა საჭირო მიმართულებებით.

 

პროგრამის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში იაგო წიკლაურმა გახსნეს. აღინიშნა, ახალგაზრდების განსაკუთრებული როლი რეგიონებში სხვადასხვა გამოწვევის დაძლევის მიმართულებით.

ახალგაზრდებს ასევე მიმართა, წინა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩმა ანა ახლოურმა და წარმატებები უსურვა. 

საზაფხულო სკოლა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ გახსნა. სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და არსის შესახებ ტრენერმა ქრისტინე კანდელაკმა ისაუბრა.

მონაწილეები შეხვდნენ სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარმომადგენელს მარიამ დევრისაშვილს, რომელმაც ალიანსის საქმიანობა და სოციალური კონცეფციის პირველი მაღაზია - ესკი გააცნო.

პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტრენინგები CSRDG-ს ტრენერებმა მარიამ ჯაფარიძემ და მარიამ მჭედლიშვილმა ჩაატარეს. მონაწილეებმა იმუშავეს მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და გაიარეს მცირე პრაქტიკული მომზადება კომუნიკაციებისა და პროექტების კონკურსისთვის, რომელიც სკოლის დასრულების შემდგომ სპეციალურად მათთვის გამოცხადდება. 

 

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა სოციალური მეწარმეობის 6 ახალგაზრდა ელჩი, რომლებსაც გადაეცემათ 700 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა. ელჩები შემდგომი 6 თვის მანძილზე უკვე თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ რეგიონებში სოციალური მეწარმეობით ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესებისა და კონცეფციის  შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

განახლებული ფორმატი

 

ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს CSRDG 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, სოციალური მეწარმეებისა და მათი საქმიანობის ახლოს გაცნობა ზოგიერთი მონაწილისთვის ხშირ შემთხვევაში გახდა ბიძგი სოციალური საწარმოების დაფუძნებისკენ, საზღვარგარეთ ამ მიმართულებით განათლების გაგრძელებისკენ, კარიერის დასაკავშირებლად სოც.მეწარმეობასთან და სხვ. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აღნიშნული გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის მიმართ დაინტერესებაც წელს კიდევ უფრო მაღალი იყო.

 

პროექტის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

 

პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.