7-8 დეკემბერს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა „სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017“.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა და 2012 წლიდან ტარდება.
წელს პირველად, ფორუმი განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობდა და 2 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებს და მათ როლს სოციალური მეწარმეობის განვითარებაში.
7 დეკემბერს, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „როგორ გავხდეთ ცვლილებების ინიციატორი სოციალური მეწარმე“.
მასტერკლასს უძღვებოდნენ ახალგაზრდა სოციალური მეწარმეები:
-
ირინა მანია და ანა შანშიაშვილი - სოციალური მაღაზია ეთნოდიზაინი;
გიგა ჩიტიშვილი - „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ, გაიმართა სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრთა პირველი საერთო კრება.
ალიანსის წევრთა საერთო კრება გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, სოციალური საწარმო იკორთას დამფუძნებელმა ნანა ჩქარეულმა.
ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ხუციშვილი წევრების წინაშე წარსდგა წლიური ანგარიშით. რის შემდეგაც, წევრებთან შეთანხმდა და დაიგეგმა ალიანსის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები.
8 დეკემბერს, ფორუმმა 100-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის არიან საქართველოში მოქმედი სოციალურ მეწარმეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების პირველი სესია დაეთმო 2017 წელს, სოციალური მეწარმეობის სფეროში განვითარებული მოვლენების შეჯამებას და სამომავლო გეგმების წარდგენას.
-
ფორუმი ოფიციალურად გახსნა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
-
„საქართველოს სტრატეგიული კველევებისა და განვითარების ცენტრის“ სოციალური მეწარმეობის პროგრამის კოორდინატორმა ეკა დათუაშვილმა შეაჯამა საქართველოში სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შედეგები.
-
სოციალურ საწარმოთა ალიანსის დირექტორმა სალომე ხუციშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ალიანსის წლიური ანგარიში და განვითარების სამომავლო გეგმები.
მოხსნებითი ნაწილის დასრულების შემდეგ, სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პანელის ფორმატში ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს აქტიური ჩართულობისკენ.
სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების და საჭიროებების დადგენის მიზნით, წელს პირველად ჩატარდა ფორუმის მონაწილეების ელექტრონული გამოკითხვა.
ღონისძიების ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადდა მოკლე ვიდეო რგოლები, სადაც მათ ისაუბრეს თუ რატომ უჭერენ მხარს სოციალური მეწამეობის განვითარებას.
ფორუმის დასკვნით ნაწილში გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციაში „წლის სოციალური საწარმო“ და „წლის Start Up სოციალური საწარმო“.
თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი იყო 3 სოციალური საწარმო. ფორუმის მონაწილეებმა მოისმინეს ნომინანტების პრეზენტაციები, რის შემდეგაც გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა.
-
ნომინაციაში „წლის სოციალური საწარმო გამარჯვებული გახდა კოდალა.
-
ნომინაციაში „წლის Start Up სოციალური საწარმო“ გამარჯვებული გახდა მწვანე საჩუქარი.
თითოეული გამარჯვებულისთვის, ღონისძიების მთავარმა პარტნიორმა საქართველოს ბანკმა, დააწესა 4000 ლარიანი ფულადი პრიზი.
სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია „პური მსოფლიოსთვის“.
იხილეთ ბიზნესების ვიდეოები:
იხილეთ ფორუმის ფოტო მასალა.
ფორუმი გაიმართა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ერთობლივი პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.