სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სამუშაო ვიზიტი ვენაში საერთაშორისო კონფერენციაზე "Impact Days 2022"

Impact Days 2022

CSRDG, სოციალურ საწარმოთა ალიანსი და ადგილობრივი პარტნიორები ბიზნეს სექტორიდან - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC და ინდივიდუალური გავლენის ინვესტორი ნიკოლოზ ალავიძე - EVPA-ს მოწვევით ვენაში საერთაშორისო კონფერენციას “Impact Days 2022” დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე ყოველწლიურად თავს იყრიან პროფესიონალები მსოფლიოს საინვესტიციო წრეებიდან. Impact Days მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პოპულარიზაცია და ამ მიდგომის ფინანსური სექტორის წამყვან ნაწილად ქცევა.
 
ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებული გავლენის ფონდების საქმიანობის შესასწავლად, ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად. საქართველოში პირველი გავლენის ფონდი EVPA-სა და ევროკომისიის მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში დაფუძნდება. 
 

Impact Breakfast 

 

კონფერენცია არაფორმალურ გარემოში Impact Breakfast შეხვედრით დაიწყო. პანელზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გავლენის ფონდების დამფუძნებლებმა სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
 
საერთაშორისო კონფერენცია ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) და Impact Hub Vienna-ს ორგანიზებით მეათე წელია იმართება.
 

გავლენის ფონდის შესახებ

 

CSRDG-ს ინიციატივით საქართველოში პირველი გავლენის ფონდი იქმნება. ფონდი სოციალური საწარმოების გაფართოებასა და სოციალური გავლენის მასშტაბების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. 
 
გავლენის ფონდი ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში იქმნება.