სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საერთაშორისო ტრენინგი - გაყიდვები და მარკეტინგი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) მოქმედ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში თემაზე “გაყიდვები და მარკეტინგი სოციალური მეწარმეებისთვის”. ეს არის მესამე შესაძლებლობა ქართველი სოციალური მეწარმეებისთვის, დაესწრონ სოციალური მეწარმეობის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ორგანიზაციის NESsT-ის ტრენინგს, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან.

Zsuzsanna Laczko არის ექსპერტი, კონსულტანტი, ტრენერი და ბიზნეს მენტორი მცირე საწარმოების განვითარების მრავალფეროვანი გამოცდილებით, რომლებიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან მუშაობენ. ამჟამად სუზანა მუშაობს ნესტში, ბუდაპეშტის ოფისში, რომელიც ვიშეგრადის ჰაბს ეკუთვნის. სუზანა არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის მენეჯერი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური საწარმოებისთვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირებას დუნაის რეგიონში. გარდა აღნიშნულისა, ის ხელს უწყობს სოციალური საწარმოების განვითარებას ტრენინგებისა და მენტორობის საშუალებით. მენტორობით. სუზანა ასევე არის  მრავალრიცხოვანი კვლევისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი,  საწარმოების განვითარების, სოციალური მეწარმეობის, თანაბარი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.  ის 20 წლის მანძილზე მუშაობდა ტრენერ/ კონსულტანტის პოზიციაზე შრომით ბაზარზე (რე)ინტეგრაციის მიმართულებით „მცირე საწარმოების ეკონომიკური განვითარების ფონდში“.

Lukas Kvokachka 3 წელია მართავს სოციალური სერვისების მიმწოდებელ ცენტრს პრეშოვში, სლოვაკეთში. ცენტრი მხარს უჭერს განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს. ორგანიზაციაში დასაქმებულია 90 თანამშრომელი, მათგან 20  შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

ცენტრის ხელმძღვანელობამდე ლუკასი მოხალისეობრივად იყო ჩართული ცენტრის საქმიანობაში და პასუხისმგებელი იყო ფინანსების მოზიდვისა და კომუნიკაციის მიმართულებაზე. მას, ასევე, წარმატებული სამუშაო გამოცდილება აქვს   მსოფლიო ოთხეულში შემავალ აუდიტორულ კომპანიებში PWC და EY როგორც ბრატისლავაში, ისე ლონდონში.

ლუკასი სამართლის მიმართულებით სწავლობდა  სლოვაკეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში.

ტრენინგის მიზანი

საერთაშორისო ტრენინგი მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას პროდუქციის განვითარების, მარკეტინგული კვლევის, გაყიდვებისა და კომუნიკაციის მიმართულებით.ტრენინგის თემატიკა

ვის შეუძლია მონაწილეობა

  • მოქმედი სოციალური საწარმოების მაღალი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც უკვე ყიდიან გარკვეულ პროდუქტს ან მომსახურებას;

  • მოქმედი სოციალური საწარმოს წარმომადგენელს, რომელიც მუშაობს ფინანსურ საკითხებზე და ჩართულია სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც დაესწრნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლის პირველ და მეორე მოდულს თემაზე „სოციალური გავლენის მართვა“ და "ფინანსური მენეჯმენტი სოციალური მეწარმეებისთვის".

ტრენინგის ფორმატი

ორ დღიანი ტრენინგი შემუშავებულია კონკრეტულად სოციალური საწარმოებისთვის და ფოკუსირებულია პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და შესაბამისი უნარების გამომუშვებაზე. მცირე თეორიული მიმოხილვის გარდა, ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. სწორი პროდუქციისა და სერვისის განვითარება, აზროვნების დიზაინი: შთაგონების მნიშვნელობა, იდეის დაბადება, განხორციელება და წარმატება;

  2. საჭირო ინფორმაციის მოგროვების ინსტრუმენტები და პრაქტიკა „სწორი“ პროდუქტის განვითარებისთვის

  • ინდუსტრიის ანალიზი იმის გასაგებად, თუ სად არის სოციალური საწარმო, რა არის განვითარების მომავალი შესაძლებლობები, რა ზომისაა ბაზარი;

  • პოტენციური მომხმარებლების შეფასება - მარკეტინგული კვლევის ტექნიკების და საშუალებების გამოყენება სამიზნე აუდიტორიის კონკრეტული საჭიროებების დასადგენად;

  • ბაზრის დაყოფა მომხმარებელთა იმ ჯგუფების განსაზღვრის მიზნით, რომელთაც ესაჭიროებათ ორგანიზაციის პროდუქტი/მომსახურება და აქვთ მისი ყიდვის შესაძლებლობა.

  • კონკურენტების შეფასება უნიკალური სარეალიზაციო წინადადების მოსამზადებლად.

3. მარკეტინგულ კვლევაზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება:

  • მარკეტინგული მიქსის ელემენტები - პროდუქცია, ფასი, ადგილი, რეკლამა;

  • მარკეტინგული კომუნიკაციის ეფექტური საშუალებები, ფოკუსირებული ონლაინ-მარკეტინგზე;

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.

4. გაყიდვების სტრატეგია პირველივე წუთიდან:

  • წარმატებული გაყიდვების კომპონენტები;

  • გაყიდვების ციკლი, მომხმარებლების მენეჯმენტი;

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება.

5. ეფექტური კომუნიკაციის სავარჯიშო.

ტრენინგის ენა

ინგლისური(ტრენინგის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

ლოჯისტიკური საკითხები

ტრენინგის შერჩეული მონაწილეებისთვის საქართველოს რეგიონებიდან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში ღამისთევა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯები.

რეგისტრაციის ბოლო ვადა

9 მაისი, 18:00 საათი,  2019 წელი.

რეგისტრაციის გასავლელად (მიაჭირეთ აქ)

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე:

social.enterprise.ge@gmail.com 

ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (032) 2399019;

დამატებითი ინფორმაცია

ტრენინგების ციკლი ტარდება ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალურ მეწარმეთა აკადემიის“ ფარგლებში, რომელსაც CSRDG სოციალური მეწარმეობის თემაზე მომუშავე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთნ - NESsT და Valores Foundation - ერთად ახორციელებს.