სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ქვემო ქართლში პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა

ღონისძიების შესახებ

 

უნარების კვირეულის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა.

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი „ტექგოგო“ სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში პირველი უნიკალური მოდელის მქონე ციფრული სააგენტოა, რომლის მიზანს ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა წარმოადგენს. „ტექგოგო“ აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს,  რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

გახსნის ღონისძიება მარნეულის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საწარმოს სასწავლო სივრც, გასცნობოდნენ სასწავლო პროგრამებს და განეხილათ  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

 

საწარმოს გახსნის მნიშვნელობა

 

„საწარმოში უკვე 12 ქალი/გოგონა სწავლობს. მათ 6 თვის განმავლობაში მენტორები გადაამზადებენ გრაფიკული დიზიანის/UX, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. პროექტის მონაწილეები მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესბების წარმომადგენელი გოგონები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ადრეულ ქორწინებაზე, ისწავლეს ქართული ენა და განათლების მიღებას აგრძელებენ. ჩვენი იდეის წარმატება ქალებისა და გოგონების პროფესიულ გაძლიერებასა და დასაქმებაზე გადის.“ - განაცხადა „ტექგოგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქავთარაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ პირველი ციფრული სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც ერთი მხრივ, დასაქმების მსურველ ქალებს ეხმარება შეისწავლონ  ციფრული პროფესიები და ამასთანავე, თავად ასაქმებს, ან ეხმარება სამუშაოს მოძიებაში. მსგავსი ბიზნესმოდელით ქვემო ქართლში ქალების გაძლიერების ხელშეწყობა სიახლეა რეგიონისთვის.“ - აღნიშნა გახსნის ღონისძიებაზე CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ეკა დათუაშვილმა.

“ტექგოგო” ხელს უწყობს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის ციფრული განათლების ხელმისაწვდომობას, გამოცდილების მიღებას, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციებისთვის ციფრული სერვისების უზრუნველყოფას.

 

პროექტის შესახებ

 

სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გახსნილია პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.