უნარების კვირეულის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ქვემო ქართლში პირველი ეკოტურისტული სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ გაიხსნა.
საწარმოს მიზანი
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ეკოტურიზმისა და ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას, საზოგადოებისთვის ეთნიკური უმცირესობების უნიკალური ტრადიციების გაცნობას და პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რაც შეუქმნის მათ ახალ შესაძლებლობებს და მონაწილეობას მიიღებს თემისა და რეგიონის განვითარებაში.
ღონისძიების შესახებ
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სოციალური საწარმოს სერვისებს, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი პურის ცხობის მასტერკლასში და ახალი ტურისტული მარშრუტების ფარგლებში, მოენახულებინათ სამშვილდის ნაქალაქარი, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში.
შეფასებები
„მოგზაურების გაზრდილმა ინტერესმა სამშვილდეში საფუძველი ჩაუყარა იმ სივრცის შექმნის იდეას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ღამის გათენება, დასვენება, ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა, კერძების გასინჯვა, სამოგზაურო მარშრუტების შერჩევა და პროფესიონალ მეგზურთან ერთად საინტერესო ადგილების დალაშქვრა. „ორბის ბუდეს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვქმნით და გვსურს, უნიკალური გარემო ახლებურად, განვითარების და წარმატების შესაძლებლობად დავანახოთ“ - აღნიშნა ღონისძიების გახსნისას „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარემ და სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ დამფუძნებელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა.
„მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ქვემო ქართლის რეგიონში პირველი სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც, როგორც ადგილობრივი ტურისტული ცენტრი, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ახალი მარშრუტების განვითარებას საქართველოში; მონაწილეობას მიიღებს თემის, სოფლისა და რეგიონის განვითარებაში და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მოსახლეობას, რომელიც მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება,“ - განაცხადა CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ეკა დათუაშვილმა.
პროექტის შესახებ
სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ შექმნილია პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 სოციალური საწარმო, სადაც ნაკლებად კონკურენტუნარიანი ადამიანების დასაქმებით ხელი შეეწყო მათ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე. საწარმოთა მხარდაჭერა ითვალისწინებს, როგორც ფინანსურ, ისე ინტელექტუალურ მხარდაჭერას - გამოხატულს კონსულტაციების, ტრენინგების, ბიზნესგეგმის შედგენის, მარკეტინგის, გაყიდვების, რესურსების მოძიებისა და სხვა სასწავლო პროგრამების სახით.