სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

პროექტი – “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

 

პროექტს ახორციელებენ: “ბრიტანეთის საბჭო”, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” და “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი”.

 

პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

 

პროექტი წარიმართება თბილისის 4 უნივერსიტეტში: “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი”, “კავკასიის უნივერსიტეტი”, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” და “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი”.

 

ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

ერთდღიანი სემინარები, რომლებზეც სფეროს ექსპერტები გააცნობენ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის კონცეფციას, ასევე საუბარი იქნება უცხოეთის ქვეყნებში და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე. განხილული იქნება წარმატებული სოციალური საწარმოების პრაქტიკული მაგალითები. სემინარი ინტერაქტიური ხასიათისაა და გამდიდრებულია ფოტო-ვიდეო მასალით.

სტუდენტთა გუნდების ჩამოყალიბება – სემინარის ჩატარების შემდეგ თითოეულ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტების 4 კაციანი ჯგუფები (სულ 16 სტუდენტი);

გაცნობითი ტური – სტუდენტთა ჯგუფებისთვის მოეწყობა გაცნობითი ტური (ე.წ. ბას-ტური), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, მათ სოციალურ მიზნებს, საქმიანობას და იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან მუშაობის პროცესში. ვიზიტის შედეგად თითოეული უნივერსიტეტისთვის შეირჩევა თითო სოციალური საწარმო, რომლის მიერ წამოყენებული პრობლემის გადაჭრას დაუკავშირდება სტუდენტთა ჯგუფების საკონკურსო დავალება.

საკონკურსო დავალება – საკონკურსო დავალების შესასრულებლად სტუდენტთა ჯგუფებს ექნებათ 1 კვირა. მათი ამოცანა იქნება შერჩეული სოციალური საწარმოს პრობლემის მოგვარების გეგმის მოფიქრება და პრეზენტაციის მომზადება. მოსამზადებელი კვირის პერიოდში ერთი დღე თითოეულ ჯგუფს სოციალურ საწარმოს წარმომადგენელთან შეხვედრის და დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ექნება.

შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი – თითოეულ უნივერსიტეტში მოეწყობა შიდა კონკურსი, რომელზეც თითოეული ჯგუფი გააკეთებს საკუთარი გეგმის პრეზენტაციას. კონკურსის შედეგად დამოუკიდებელი ჟიური თითო უნივერსიტეტიდან შეარჩევს საუკეთესო შემოთავაზებას და გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზით.

კონკურსი 4 უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს შორის – პროექტის ბოლო ეტაპზე გაიმართება კონკურსი გამარჯვებულ გუნდებს შორის. ამ ეტაპზე ოთხივე უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს უკვე მიეცემა საშუალება, თავად შეარჩიოს თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, და მასთან თანამშრომლობით შეიმუშაოს სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა და საპროექტო წინადადება. გამარჯვებული, რომელსაც გამოავლენს საგანგებოდ მოწვეული ჟური, გუნდი დაჯილდოვდება.

გამარჯვებული პროექტის დაფინანსება – გამარჯვებულ პროექტს დააფინანსებს “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”.

 

კონკურსის ვებ-გვერდი – მონაწილეებს, აგრეთვე მათ გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდის მეშვეობით თვალყური ადევნონ როგორც უშუალოდ კონკურსის მიმდინარეობას, ისე მიიღონ სხვა დამატებითი ინფორმაცია, გაეცნონ სიახლეებს და ა.შ. ვებ-გვერდი იქნება ინტერაქტიული და შესაბამისად გუნდებს შეეძლებათ ატვირთონ თავიანთი მონაცემები, შესრულებული დავალებები, ხოლო გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეაფასონ კონკურსის მონაწილეების გაწეული საქმიანობა.