საქართველოში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა
აქციოს მიზანი
22 ივნისს, სასტუმრო რედისონში საქართველოში პირველი გავლენის ფონდის “აქციო” პრეზენტაცია გაიმართა.
აქციო მხარს დაუჭერს სოციალური საწარმოების გაძლიერებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის მასშტაბების ზრდაში. ფონდის მიზანია, მომდევნო 5 წლის მანძილზე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.
მომხსენებლების შესახებ
სტუმრებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორმა ეკა ურუშაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა დომინიკ პაპენჰაიმმა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) წარმომადგენელმა ევა კონჩალმა მიმართეს.
სტუმრებს აქციოს მიზნებზე, საქმიანობასა და გეგმებზე ფონდის მენეჯერმა ქრისტინე კანდელაკმა მიაწოდა ინფორმაცია.
გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ევროპული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდეციების შესახებ ისაუბრეს საერთაშორისო სპიკერებმა- კერძო და ვენჩურული კაპიტალის ინვესტირების, გავლენის ფონდებისა და სოციალური საწარმოების მხარდაჭერის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინვესტორებმა.
აქციოს პირველი გავლენის ინვესტორმა ნიკოლოზ ალავიძემ ისაუბრა საქართველოში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების განვითარების მნიშვნელობასა და მდგრადი სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში ბიზნეს სექტორის მხარდაჭერაზე.
პრეზენტაციას 60-ზე მეტი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები.
სოციალური საწარმოების გამოფენა
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოციალური საწარმოების გამოფენა. სოციალურმა მეწარმეებმა სტუმრებს გააცნეს თავიანთი საქმიანობა და ისაუბრეს ფონდზე, როგორც უნიკალურ შესაძლებლობაზე მათთვის ეკონომიკური და სოციალური გავლენის მასშტაბების ზრდაში.
აქციო - ეს არის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული პირისთვის, აქციოს ინვესტიცია გავლენად. ფონდი ღიაა როგორც ინდივიდუალურ ინვესტორებთან, ისე კერძო კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
პროექტის შესახებ
"აქციო" დაფუძნდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის ხელშეწყობით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში. ღონისძიების სპონსორია EFSE Development Facility.