სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ევროკავშირის და CSRDG-ის მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ისტორიალის“ განახლებული სახელოსნოსა და ახალი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, სოციალური საწარმო „ისტორიალის“ განახლებული სახელოსნო გაიხსნა და საზოგადოებას ახალი საკოლექციო ხაზი „თბილისური ისტორიული არტეფაქტები თანამედროვე აქსესუარებში“ წარუდგინა.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელოსნოს საწარმოო პროცესებს და დაეთვალიერებინათ განახლებული სახელოსნოს ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით შექმნილი ახალი კოლექცია - თრელის სამაროვანსა (ძვ წ.აღ XIII საუკუნის) და აბანოთუბანში, მირზა შაფის ქუჩაზე აღმოჩენილი ახ.წ.აღ.ის XI-XIII საუკუნეების ისტორიული არტეფაქტების თემატიკაზე შექმნილი აქსესუარები: ტყავისა და ტექსტილის ნაწარმი, კერამიკული თეფშები და დიდგვაროვანთა სამკაულები.

 

"ისტორიალის" მისია 

 

სოციალური საწარმო „ისტორიალი“ 2000 წელს დაფუძნდა და მის მიზანს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მხატვრული რეწვის ოსტატების  დასაქმება და ტრადიციული ხელობის მომავალი თაობისთვის გადაცემა წარმოადგენს. ქართული კულტურის სექტორის ეკონომიკური მდგრადობისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, „ისტორიალის“ გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით  უძველეს ისტორიას თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს.

 „ისტორიალი“ CSRDG-ის მიერ დაფუძნებული გავლენის ფონდ "აქციოს" პორტფელის წევრია, რომელიც თავისი საქმიანობის მასშტაბების გაზრდით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 

CSRDG-ის მხარდაჭერის შესახებ

 

CSRDG-ის პროექტ აქციოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, "ისტორიალი" იღებს 50 000 ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას და დამატებით სიღრმისეულ მხარდაჭერას სოციალური შედეგების შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით.

მომდევნო 5 წლის მანძილზე სოციალური საწარმო გეგმავს შემდეგი სოციალური შედეგების მიღწევას:

  • ისტორიალის სახელოსნოში დასაქმდება 3 ახალი ოსტატი;
  • 18 მოსწავლე/სტუდენტი აიმაღლებს ცოდნასა და უნარებს ლითონმქანდაკებლობისა და საჩამომსმხელო საქმიანობის მიმართულებით;
  • შეიქმნება 2 ახალი კოლექცია და განვითარდება ლითონმქანდაკებლობის მასტერკლასების მომსახურება, რაც ხელს შუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  ტრადიციული ქართული ხელობების მნიშვნელობისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შესახებ;
  • ისტორიალი თავისი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლითონმქანდაკებლობის როგორც პროფესიის შენარჩუნებასა და განვითარებაში, მხატვრული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში.

აქციოს მხარდაჭერით, ისტორიალს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა.

 

პროექტის შესახებ

 

სოციალური საწარმო „ისტორიალი“ მხარდაჭერილია გავლენის ფონდ „აქციოს“ მიერ, პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკომისიის (DG Near) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და ვენჩურული ფილათროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA) ახორციელებენ.