სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ელჩების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

შეხვედრების შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში და გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად თელავში, გორში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

შეხვედრებზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების კარიერისა და სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

პროგრამის მიზანია:

 

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა  და მათი ინტერესის გაზრდა ამ მიმართულებით;
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით;
  • ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება მცირე ფინანსური მხარდაჭერით (700 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით;
  • სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა;
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

 

პროგრამის ეტაპები

 

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს.

 

საზაფხულო სკოლა

 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საგურამოში, სასტუმრო "სევსამორაში"  ახალგაზრდები 5 დღის მანძილზე გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, სოც.მეწარმეობაში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს, მენტორებთან ერთად იმუშავებენ მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვევიან სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოს, შეხვდებიან სოციალურ მეწარმეებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას და მიიღებენ მონაწილეობას თემატურ ვორქშოპებში.

ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას პროექტების კონკურსისთვის,  მათ შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მხრივ.

 

პროექტების კონკურსი

 

სკოლის გავლის შემდეგ, მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 6 ახალგაზრდა ელჩი.

CSRDG-ს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე.

საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი დაჯილდოვდება განსაკუთრებული პრიზებით.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის სულ შეირჩევა 20-25 ახალგაზრდა.