სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ორბელიანების სასახლეში "სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 2024" დაჯილდოვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის, ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დაჯილდოვდნენ

ღონისძიების შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, 22 თებერვალს ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა.

საუკეთესო სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩი ირაკლი თევზაძე გახდა, იმერეთის რეგიონიდან. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით ირაკლი  დაჯილდოვდა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში.

 

ელჩების შესახებ 

 

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები 6 რეგიონში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში გამოავლინა. ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.

აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, 6 თვის მანძილზე, ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა თემსა და მუნიციპალიტეტში, ხვდებოდნენ სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებს,  წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად სტუმრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ საზოგადოებრივ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი.

წელს, 6 რეგიონის ახალგაზრდა ელჩებმა 70-ზე მეტი შეხვედრა გამართეს 1200-ზე მეტი ახალგაზრდასთან. 

 

 

მიღება ორბელიანების სასახლეში

 

ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლობით, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ფინალური ეტაპი და საუკეთესო ელჩის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, სტუმრებს  სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

საქართველოს რეგიონებში, თემთან პირდაპირი მუშაობით, ახალგაზრდა ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარებასა და მდგრადობის გაძლიერებაში. ისინი ხელს უწყობენ თემის გაერთიანებას, თვითკმარობას და წარმოადგენენ სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული მონაწილეობის ბრწყინვალე მაგალითებს,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

„ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა - ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ორბელიანების სასახლეში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ელჩების საქმიანობას რეგიონებში და დაეთვალიერებინათ საქართველოში პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია/შორუმი "ესკის" გამოფენა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას.

 

ელჩების დაჯილდოება

 

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. 

2024 წლის სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გახდა ირაკლი თევზაძე იმერეთის რეგიონიდან, რომელიც მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICPI) მხარდაჭერით, ირაკლი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში. საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი დააჯილდოვა ბაზისბანკმა, "Go Tour"-მა, სოციალურმა საწარმომ "ბაბალე"

 

ღონისძიების მხარდამჭერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოევლინათ და დაეჯილდოებინათ რჩეული ელჩები:

ბაზისბანკის რჩეული ახალგაზრდა ელჩი გახდა მარიამ შარაშიძე გურიიდან;

ახალციხე ინნ-ის რჩეული ელჩები გახდნენ მაია და ლიკა ხუციშვილები სამცხე-ჯავახეთიდან;

ალტე უნივერსიტეტის რჩეული ახალგაზრდა ელჩი გახდა მარიამ შარაშიძე გურიიდან

ბაბალეს რჩეული ახალგაზრდა ელჩი გახდა თეკლა ადამია, ქვემო ქართლის რეგიონიდან.

 

საკუთარ რეგიონსა და თემში ცვლილებების ინიციატორი, პროგრამის მონაწილე, ყველა ახალგაზრდა ელჩი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს ღონისძიების მხარდამჭერებმა: ბიზნესლიტერატურის გამომცემელმა საქართველოში "ლურჯი ოკეანე"-მ;  ჯიპისი აფთიაქმა; პირველი ქართული USB სატენის ეკომეგობრული წარმოებამ ტენე; პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზიამ ესკი.

 

ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერი იყო სოკარი. დაჯილდოების ღონისძიებას ათზე მეტი ბიზნესორგანიზაცია და სოციალური საწარმო უჭერდა მხარს, მათ შორის: ბაზისბანკი, ICPI, ახალციხე ინნ, ჯიპისი, სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“, GO Tour,  „ლურჯი ოკეანე“, ალტე უნივერსიტეტი, ბაბალე, მშვიდი ღვინო, ტენე.

 

 

 

პროექტის შესახებ

 

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობდა.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები