ახალგაზრდა ელჩები სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩნენ
ახალგაზრდა ელჩები გამოვლენილია
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს საქართველოს 5 რეგიონში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ჰყავს.
20 ივლისს, ფაბრიკაში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები გამოვლინდნენ. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში ფინალურ ეტაპზე 8 პროექტის ავტორები გადავიდნენ, რომლებიც ჟიურის წინაშე წარსდგნენ იდეებით, თუ როგორ აპირებენ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას.
გამარჯვებულები იმუშავებენ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში.
ახალგაზრდა ელჩებს CSRDG-სგან ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით გადაეცემათ 750 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა. ელჩები შემდგომი 6 თვის მანძილზე უკვე თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ რეგიონებში სოციალური მეწარმეობით ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესების კუთხით. 6 თვის შემდეგ კი უკვე გამოვლინდება საუკეთესო ელჩი, რომელიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ
პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 200-ზე მეტი განაცხადი, შეირჩა 23 აქტიური ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს საზაფხულო სკოლა სოციალური მეწარმეობის შესახებ. პროგრამის შემდგომ ეტაპზე მონაწილეები ჩაერთვნენ პროექტების კონკურსში, რის შედეგადაც გამოვლინდა 5 ახალგაზრდა ელჩი.
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა, ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.
ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს CSRDG 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.
პროექტის შესახებ
პროგრამა პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.