სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლის შესახებ

 

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა!

200-ზე მეტი აპლიკაცია და საზაფხულო სკოლისთვის შერჩეული აქტიური და წარმატებული 23 ახალგაზრდა ერთ სივრცეში, 5 დღის მანძილზე სოციალურ მეწარმეობას გაეცნენ.

ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საგურამოში, სასტუმრო „სევსამორაში“ შეიკრიბნენ.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები:

  • გაეცნენ სოციალური მეწარმეობის არსსა და მნიშვნელობას საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებაში;
  • გაეცნენ სოციალურ მეწარმეობაში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს;
  • ესტუმრნენ სოციალურ საწარმოებს (იკორთა, წნული, ბაბალე, დადარი), პირადად შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებს, რომლებმაც გაუზიარეს გამოცდილება და ჩართეს სტუმრები ადგილზე თემატურ ვორქშოპებში.

პროგრამის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ გახსნა. სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და არსის შესახებ მოწვეულმა ტრენერმა სალომე ხუციშვილმა ისაუბრა.

მონაწილეები შეხვდნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრულ შესაძლებლობებს ქმნიან. ესენია - სოციალურ საწარმოთა ალიანსი, Impact Hub Tbilisi, CTC. 

მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება უკრაინულმა სოციალურმა საწარმომ - "Muzeum in Dark" გაუზიარა. საწარმოს წარმომადგენელმა ალინამ ომის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და საწარმოს გეგმებზე ისაუბრა. 

პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტრენინგები CSRDG-ს ტრენერებმა ქრისტი კანდელაკმა და ნათია მეტრეველმა ჩაატარეს. მონაწილეებმა იმუშავეს მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და გაიარეს მცირე პრაქტიკული მომზადება პროექტების კონკურსისთვის, რომელიც სკოლის დასრულების შემდგომ სპეციალურად მათთვის გამოცხადდება.

 

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა სოციალური მეწარმეობის 5 ახალგაზრდა ელჩი, რომლებსაც გადაეცემათ 750 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა. ელჩები შემდგომი 6 თვის მანძილზე უკვე თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ რეგიონებში სოციალური მეწარმეობით ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესების კუთხით.

 

განახლებული ფორმატი

 

ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს CSRDG 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, სოციალური მეწარმეებისა და მათი საქმიანობის ახლოს გაცნობა ზოგიერთი მონაწილისთვის ხშირ შემთხვევაში გახდა ბიძგი სოციალური საწარმოების დაფუძნებისკენ, საზღვარგარეთ ამ მიმართულებით განათლების გაგრძელებისკენ, კარიერის დასაკავშირებლად სოც.მეწარმეობასთან და სხვ. სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აღნიშნული გამოცდილების გაგრძელებაა, რომლის მიმართ დაინტერესებაც წელსაც მაღალი იყო.

 

პროექტის შესახებ

 

საზაფხულო სკოლა პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.