სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური ინვესტირება

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება - თანამედროვე მიდგომა სოციალურ გამოწვევებზე საპასუხოდ

ალბათ გსმენიათ, რამდენად რთულია დღეს საქართველოში დასაქმება, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, ან ყოფილი მსჯავრდებულებისთვის. ალბათ გინახავთ დაცარიელებული სოფლები და მთიანი რეგიონები; შეხვედრილხართ ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ ელემენტარული ფორმალური, თუ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. ან იქნებ ბუნებით ტკბობა, ან ქალაქის ქუჩებში სეირნობა გიყვართ და მუდმივად გაწუხებთ პლასტიკით, თუ სხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებული გარემო... შესაძლოა თქვენს ქალაქსა ან სოფელზე შეყვარებული ადამიანი ხართ და გული გწყდებათ, როცა ხედავთ როგორ ნადგურდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

დიახ, პრობლემა ბევრია, მათი მოგვარების გზები და ამ პროცესებში ჩართული ორგანიზაციები მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, თუმცა ამ სტატიაში ერთ განსაკუთრებულ მიდგომაზე გავამახვილებთ ყურადღებას: ეს არის სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება (Social Impact Investing). ამ მიდგომას, წლების მანძილზე ევროპაში მოიხსენიებდნენ როგორც ვენჩურულ ფილანტროპიას (Venture Philanthropy).

ვენჩურული ფილანტროპია სათავეს 1990-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს. შემდგომ წლებში ეს მიდგომა  დიდ ბრიტანეთში განვითარდა, 2002 წლიდან კი კონტინენტურ ევროპაში დაიწყო ფეხის მოკიდება.

2004 წელს შეიქმნა ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA), რომელმაც ხელი შეუწყო სფეროს შესახებ ცოდნის შექმნას, გავრცელებას, გამოცდილების გაზიარებასა და მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციის დაინტერესებას.

EVPA-ს განმარტებით "ვენჩურული ფილანტროპია" ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია მაღალი სოციალური გავლენის მიღწევა სოციალური მიზნის მქონე ორგანიზაციების ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის გზით". აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ტერმინი "ვენჩურული ფილანტროპია" უკვე მოძველებულად მიიჩნევა. მის მაგივრად მეტად გამოიყენება "სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება" წინამდებარე და სხვა სტატიებში ამ ორ ტერმინს სინონიმებად გამოვიყენებთ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გვეუბნება, რომ სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მოხდენა, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება. შესაბამისად, ინვესტირება სოციალური გავლენისათვის მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, სოციალური შედეგების მიღწევის გზით.

ამ მიდგომის განხორციელებისთვის აუცილებელია არსებობდეს: გავლენის ინვესტორი (ინდივიდუალური პირი ან კომპანია) და სოციალური მიზნის მქონე ორგანიზაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სოციალურ საწარმოს წარმოადგენს. კომპანიებმა შეიძლება თავად მოახდინონ სოციალურ საწარმოებში ინვესტირება ან ფინანსები მიმართონ შუამავალ ორგანიზაციებში, ე.წ. გავლენის ფონდებში, რომლებიც იზრუნებენ სოციალური საწარმოების მხარდაჭერაზე სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების მიდგომებით.

ვენჩურული ფილანტროპია და სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება არის მაღალი ჩართულობითა და გრძელვადიანი ხედვით გამორჩეული მიდგომა, რომელიც ქმნის სოციალურ გავლენას სამი სახის პრაქტიკის გამოყენებით. სწორედ ამ პრაქტიკების ერთდროულად და სისტემურად გამოყენება განასხვავებს მათ ტრადიციული ინვესტიციებისგან თუ  ფილანტროპიული საქმიანობისგან. ეს პრაქტიკებია:

  • საჭიროებებზე მორგებული ფინანსური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას სოციალური საწარმოების განვითარების მხარდასაჭერად, მაგალითად: გრანტი, სესხი, კაპიტალი, ჰიბრიდული ინსტრუმენტები. ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტის შერჩევა ხდება სოციალური საწარმოს საჭიროებებიდან და განვითარების დონიდან გამომდინარე.

  • ორგანიზაციული განვითარება - ეს გულისხმობს სოციალური საწარმოს არაფინანსურ დახმარებას, ანუ ორგანიზაციულ განვითარებაზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, სტრუქტურებისა და პროცესების დახვეწასა და ადამიანური რესურსის უნარების განვითარებას.

  • სოციალური გავლენის გაზომვა და მართვა - სოციალური გავლენის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია მისი გაზომვა და მართვა. სოციალური გავლენის ინვესტორები და ფონდები ასწავლიან და ეხმარებიან სოციალურ საწარმოებს გავლენის გაზომვასა და მართვაში, რადგან სწორედ ეს ინფორმაცია აჩვენებს ინვესტორს მიაღწია თუ არა მან თავდაპირველ მიზანს.

შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება გრძელვადიანი პროცესია. ინვესტორები სოციალურ საწარმოებთან სამი, ხუთი, შვიდი წლის მანძილზეც კი მუშაობენ ხოლმე. ამავდროულად ეს პროცესი მოითხოვს ორივე მხარის აქტიურ ჩართულობას.

სოციალური გავლენის მქონე ინვესტირების წარმატებული მაგალითები ინგლისურ ენაზე:

ქართულენოვანი მაგალითებით მალე დაგიბრუნდებით!