სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ბელგიური გაკვეთილი: მწვანე ეკონომიკა იწყება ყოველდღიური არჩევანიდან

სუფთა ჰაერი ფინჯანში - რას გვასწავლის Ray & Jules-ის გამოცდილება

წარმოიდგინეთ დილა ბელგიაში – ქუჩები ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელია, მაგრამ პატარა კაფედან უკვე იგრძნობა ყავის სურნელი. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ამ ფინჯანში ერთდროულად მოქცეულია გემო, ინოვაცია და ჩვენი პლანეტის მომავალი. ეს არის Ray & Jules – ბელგიური კომპანია, რომელიც ყავას მზის ენერგიით ხალავს და ამით გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება „მომავალი ეკონომიკა“ ახლა შეიქმნას.

 

როდესაც ინოვაცია გარემოზე ზრუნვას ხვდება

 

კლასიკური მოხალვის პროცესი არის ენერგოინტენსიური და ატმოსფეროში დიდ ოდენობით CO-ს უშვებს. Ray & Jules-მა ამ მიდგომას მზის სხივები დაუპირისპირა. მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია 2–3-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, პროცესიც უფრო ნელი და ხარისხიანია, შედეგი კი – მდიდარი არომატი და გაცილებით სუფთა ჰაერი.

ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ მწვანე ეკონომიკა უკვე არა „მომავლის ოცნებაა“, არამედ დღევანდელი რეალობა, სადაც ყოველდღიური პროდუქტი, ერთი უბრალო ყავის ფინჯანიც კი, შეიძლება გარემოსდაცვითი ცვლილების ნაწილად იქცეს.

 

ფოტო: მარიამ მჭედლიშვილი

 

რატომ არის მწვანე ეკონომიკა გარდაუვალი?

 

დღეს კლიმატის ცვლილება აღარ არის შორეული საფრთხე – ის უკვე აქაა. ამასთან ერთად იზრდება რესურსების დეფიციტიც. სწორედ ამიტომ მწვანე ეკონომიკა უკვე არჩევანი აღარ არის, ის აუცილებლობაა.

მისი პრინციპები მარტივია:

  • ეკონომიკური განვითარება უნდა ეფუძნებოდეს განახლებად ენერგიასა და რესურსების გონივრულ გამოყენებას;
  • გარემოზე ზიანი უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი – იქნება ეს CO ემისიების შემცირება თუ ნარჩენების გადამუშავება;
  • სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გახდეს ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, რადგან მდგრადი გადაწყვეტილებები მხოლოდ ბუნებას კი არა, ადამიანებსა და ადგილობრივ თემებსაც აძლიერებს.

ბელგიაში ეს მიდგომა სახელმწიფოს სტრატეგიაშიც ჩანს: აქტიურად ხდება ინვესტირება მწვანე ინოვაციებში და ქმნის გარემოს, სადაც Ray & Jules-ის მსგავსი კომპანიები სწრაფად ვითარდებიან.

ფოტო: Ray & Jules

 

ყავა, რომელიც მოძრაობად იქცა

 

Ray & Jules ყავის ბიზნესი მხოლოდ არომატული პაკეტების გაყიდვა არ არის. ისინი ქმნიან ახალ კულტურას – სადაც ფერმერებთან პირდაპირი ურთიერთობა, სამართლიანი ვაჭრობა (fair trade), ეკოლოგიური ტრანსპორტი და გადამუშავებადი შეფუთვა ყოველდღიურობაში ორგანულად ერთიანდება.

სწორედ ამიტომ, მათი ყავა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ სასმელად, არამედ როგორც პატარა მოძრაობა – „მზის სხივებით მოხალული ცვლილება“, რომელიც სხვებსაც შთააგონებს.

 

ფოტო: Ray & Jules

 

ფინჯანი, რომელიც მომავალს ატარებს

 

ხშირად გვგონია, რომ კლიმატის ცვლილება ძალიან დიდი და აბსტრაქტული საკითხია, რომ ერთმა ადამიანმა ვერაფერს შეცვლის. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ პატარა, ყოველდღიური არჩევანებია მნიშვნელოვანი.

ბელგიაში Ray & Jules გვასწავლის, რომ ყოველი ყავის ფინჯანი შეიძლება იყოს პასუხი გლობალურ გამოწვევებზე. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ინოვაცია, ბიზნესი და პასუხისმგებლობა ერთ მთლიანობაში გადაიქცეს.

ხშირად გვგონია, რომ ინდივიდუალური ნაბიჯები გლობალურ სურათში დიდ გავლენას ვერ ახდენს. მაგრამ ბელგიაში Ray & Jules გვიჩვენებს საპირისპიროს – ერთი ფინჯანი ყავა შეიძლება გახდეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი იმ სამყაროში, სადაც ეკონომიკა და ეკოლოგია ერთ მთლიანობაშია გაერთიანებული.

და ბოლოს, როცა მომავალში ყავას დალევთ, დაფიქრდით – რამდენად შეიძლება ეს მარტივი სიამოვნება პლანეტის სუნთქვის შანსს აძლევდეს.