სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

“ოდა ქეარი“ – გურიაში შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც ასობით ბავშვისა და ხანდაზმულის ცხოვრებას ცვლის

„ჩემი შვილი 12 წლისაა, დაუნის სინდრომი აქვს და თავად გახლავთ ჩვენი პროგრამის ბენეფიციარი…“ — გვიყვება ვეკო წულაძე, სოციალური საწარმო „ოდა ქეარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე დროს, დედა, რომელმაც საკუთარი გამოცდილება სისტემურ ცვლილებად აქცია.

ადრეული განვითარების პროგრამები, რომლებსაც მისი შვილი დღეს იღებს, მანამდეც რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ვეკოს თქმით, გაცილებით მეტ შედეგებს მიაღწევდნენ. თუმცა, დღეს უკვე თავად დგას იმ გუნდის სათავეში, რომელიც სხვების შვილებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„საუკეთესო საზომი ჩემი შვილის ყოველდღიურობაა — როდესაც მაღაზიაში დამოუკიდებლად შედის, არჩევს პროდუქტს, ირჩევს ტანსაცმელს, იხდის თანხას, ხურდას ელოდება… წლების წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. დღეს კი, ეს შედეგი გვაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ,“ - ამბობს ვეკო წულაძე.

 

 

როგორ იქცა პირადი გამოცდილება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად

 

„ოდა ქეარის“ შექმნის იდეა იმ დანაკლისიდან გაჩნდა, რომელსაც გურიაში მცხოვრები შშმ ბავშვების მშობლები წლების განმავლობაში განიცდიდნენ.

როგორც ვეკო წულაძე იხსენებს, 2019 წლამდე რეგიონში ბავშვთა ადრეული განვითარების არცერთი სერვის არ არსებობდა. მხოლოდ დღის ცენტრები ფუნქციონირებდა. როცა მშობლებმა საკუთარ შვილებზე ზრუნვა და რეალური საჭიროებების დაკმაყოფილება სცადეს, აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერის მისაღებად სხვა ქალაქებში უნდა გადასულიყვნენ - რაც დამატებით ფინანსურ, ლოგისტიკურ და ემოციურ ბარიერებს ქმნიდა. ამის გამო, ვეკოს თქმით, სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვები ხშირად სერვისებს მიღების მიღმა რჩებოდნენ.

 „რომ არა ჩემი შვილი, შესაძლოა ამ სფეროსთან კავშირი საერთოდ არ მქონოდა. როდესაც დაიბადა, ვნახე რომ გურიაში არანაირი მსგავსი სერვისი არ არსებობდა, მაშინ გავბრაზდი და ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ამ თემაზე ზრუნვა, მუშაობა დავიწყეთ - გადავწყვიტეთ, რომ რაც ჩვენს შვილებს დააკლდათ, სხვებისთვის შეგვექმნა“- ამბობს ვეკო ორგანიზაციის მთავარ მისიასა და მიზნებზე საუბრისას.

 

„ოდა ქეარის“ დამფუძნებლები - ვეკო წულაძე, ვალერიან კოტრიკაძე და ნინო ჭელიძე

 

"ოდა ქეარის" თანადამფუძნებლები არიან ვეკო წულაძე, ვალერიან კოტრიკაძე და ნინო ჭელიძე. დღეს ეს ორგანიზაცია გურიის სამ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური), ასევე  სამეგრელოში - ხობსა და სენაკში ფუნქციონირებს და  სერვისებს სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირებსა და ხანდაზმულებს.

 

„ოდა ქეარის“ სერვისები - ადრეული განვითარებიდან შინ მოვლის პროგრამამდე

 

ვეკო წულაძე გვიყვება, რომ საწარმო 2019 წლიდანვე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებით გაიხსნა, რომელიც 0-იდან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვისაა და აღნიშნული პროგრამა, ბავშვებს ბუნებრივ გარემოში: ცენტრში, სახლში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მიეწოდებათ - იქ, სადაც ძირითადად, ბავშვს ყოფნა უწევს.

მისი ინფორმაციით, 2020 წლიდან „ოდა ქეარში“ მოქმედებს აუტიზმის პროგრამაც, რომელიც აუტისტური სპექტრის სირთულის მქონე ბავშვებისთვისაა.

„უმეტეს შემთხვევაში, ორივე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთსა და ჩოხატაურში) ქცევითი თერაპიები ტარდება, ოზურგეთის ცენტრს კი მეტყველების, ფიზიკური და სხვა ტიპის თერაპიებიც აქვს დამატებული, რაც ბავშვისთვის ქცევით თერაპიასთან ერთად, კომპლექსურად იქნება საჭირო,“ - გვეუბნება ვეკო და იქვე გვპასუხობს კითხვაზე, როგორ ხორციელდება სერვისის მიწოდება: „ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში სპეციალისტი მიდის ბაღში, სახლში, ასევე მაგალითად, შეიძლება თერაპია სკვერში ჩაუტაროს ან ბავშვი თავად მოვიდეს ცენტრში. ძირითადად, 2-3 წლის ზემოთ ბავშვებს 4 თერაპია უშუალოდ ცენტრში შეუძლიათ მიიღონ.“

 

 

როგორც „ოდა ქეარის“ დამფუძნებელი ამბობს, ადრეული განვითარება ბავშვებს უხსნის კარს იმისკენ, რომ დაიწყონ სუფთა ფურცლიდან მუშაობა და შემდგომ უკვე, თუ რაიმე დამატებითი საჭიროება გამოჩნდება, შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გადამისამართდნენ.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადრეულ განვითარებას აქვს, ეს გახლავთ ტრანზიცია ბაღში და სკოლაში - მაგალითად, აჩვევთ ბავშვს ბაღში მისვლას, მიდის ბაღში სპეციალისტთან ერთად, ეცნობა გარემოს, მასწავლებელს, ეცნობა საკლასო გარემოს, სად უნდა დაჯდეს და ა.შ. სპეციალისტი სოციალიზაციაში ეხმარება და აჩვევს მას გარემოს,“ - გვეუბნება ვეკო.  

რეაბილიტაცია/აბილიტაცია - ეს „ოდა ქეარის“ კიდევ ერთი სერვისია, რომელშიც სხვადასხვა დამატებითი მომსახურება ერთიანდება და მასში ჩართულია: ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპიის ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ბავშვთა ნევროლოგი.

 

 

ვეკო წულაძე ამბობს, რომ 2019 წლიდან მოყოლებული, სერვისი დაახლოებით 500-მდე, 18 წლამდე ასაკის მოზარდს მიეწოდა. ხოლო 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმოს სერვისებს 18+ ასაკობრივი ჯგუფი და მათი საჭიროებების შესაბამისი პერსონალური ასისტენტისა და შინ მოვლის პროგრამები დაემატა, მომსახურების მიმღებთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

 

ზრდასრულების და ხანდაზმულების პროგრამები

 

ODA CARE-ის საქმიანობა ბავშვებით არ შემოიფარგლება. 2022 წლიდან ორგანიზაციამ 18 წელს ზემოთ შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის პროგრამების განხორციელება ჩოხატაურში დაიწყო, შემდეგ კი ლანჩხუთი და ოზურგეთშიც მოიცვა.

„ჩოხატაურის შემდეგ, ჩვენი სურვილი იყო ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებშიც დაგვენერგა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამები. 2024 წლიდან კი პროექტი ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის პროგრამით დაგვიფინანსდა და ეს მხარდაჭერა დაგვეხმარა როგორც პროგრამების განვითარებაში, ასევე სპეციალისტების გადამზადებაში,“ - ამბობს სოციალური საწარმო „ოდა ქეარის“ თანადამფუძნებელი.

 

 

როგორც ვეკო განმარტავს: „ეს ორი სერვისი უკვე ძალიან კარგად ხორციელდება - ლანჩხუთში სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ვაწვდით სერვისებს, პერსონალური ასისტენტის მომსახურება 7 ბენეფიციარს აქვს [მაქსიმალური რაოდენობა მუნიციპალიტეტს 15 ბენეფიციარზე აქვს დაშვებული]. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსებას 14 ბენეფიციარზე ველოდებით, ჩვენი გადამზადებული კადრით ეს მაქსიმალური რაოდენობა გახლავთ. „შინმოვლის“ პროგრამაში ორივე მუნიციპალიტეტში 30 ბენეფიციარზე გვაქვს მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროსთვის და ასევე ველოდებით, ვზრუნავთ იმაზე, რომ ბენეფიციარებმა განაცხადები შეიტანონ. ოზურგეთში კი 1 დაფინანსებული ბენეფიციარი „შინმოვლის“ პროგრამაში უკვე გვყავს.

ასევე, CSRDG-სთან ურთიერთობის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ორგანიზაცია და უკვე სამეგრელოში - ხობსა და სენაკში „შინმოვლის“ პროგრამით შევედით. ეს გახლავთ სახლში მისვლის პროგრამა, რაც გულისხმობს ექთნის, მომვლელის სახლში ვიზიტს და სერვისის მიწოდებას.

არსებობს ორი მოდელი - ქალაქისა და სოფლის, სოფლის მოდელში მხოლოდ ექთანი და მომვლელი შედის, ხოლო ქალაქის მოდელი, რომელსაც ხობსა და სენაკში ვიწყებთ, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექთანი, მომვლელი, ფიზიკური და საყოფაცხოვრებო ასისტენტები შედიან.

ეს სერვისი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არ გახლავთ, ამ მომსახურებით შეიძლება ნებისმიერმა ხანდაზმულმა ადამიანმა ისარგებლოს,“ - გვითხრა „ოდა ქეარის“ დამფუძნებელმა.

 

 

შეზღუდული რესურსები – ძირითადი გამოწვევები

 

მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობისა, რაც თავის მხრივ ფინანსურ, ასევე, შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მხარდაჭერას გულისხმობს და ხელშესახებ შედეგებსაც იძლევა, სხვადასხვა სერვისების მეტად განვითარება, კვლავ უამრავი გამოწვევის წინაშეა. ბარიერებს შორის სახელდება რეგიონში სპეციალისტების ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურება და საზოგადოებაში არსებული სტიგმები, რაც მომართვიანობას აფერხებს.

 „გურიის რეგიონში, ადრეული განვითარების პროგრამით მოსარგებლე დაახლოებით 90 ბავშვი გვყავს. მომართვიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე რეალურად საჭიროება დგას, თუმცა გარკვეული სტიგმების გამო, მშობლებს იმის გამო, თუ რას იფიქრებს ნათესავი ან მეზობელი, პროგრამებში ჩართვა არ სურთ.“ - ამბობს სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელი.

 „ასევე, ყველაზე რთული სპეციალისტების მოზიდვაა და ეს ჩვენთვის, ამ დრომდე გამოწვევად რჩება. ძნელია ადამიანი დააინტერესო, რატომაა ეს პროგრამები მნიშვნელოვანი და რატომ არის კარგი, გახდე ადრეული განვითარების სპეციალისტი“, - გვიხსნის „ოდა ქეარის“ დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, კადრების გადინება მაღალია და ზოგიერთი სპეციალისტი მომავალ სამსახურს, გადამზადების პროცესშივე ტოვებს. იგი გვიყვება, რომ „ოდა ქეარი“  ცდილობს გადამზადებული პროფესიონალების შენარჩუნებას, თუმცა მაღალი გადინება და დაბალი ანაზღაურება სისტემურ პრობლემად რჩება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბავშვთა განვითარების პროგრამებზე დაახლოებით 15 სპეციალისტი მუშაობს. ესენი არიან: ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ადრეული განვითარების სპეციალისტები. მათ შორის, გუნდის შემადგენლობაში ასევე შედის 3 პარაპროფესიონალი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები), რომლებიც სუპერვიზიის ქვეშ სრულფასოვას სერვისს აწვდიან პროგრამით მოსარგებლეებს.

 

რა შეცვალა ერთმა გაბედულმა ნაბიჯმა

 

„ოდა ქეარის“ მაგალითზე ჩანს, როგორ შეიძლება სოციალურმა მეწარმეობამ ერთი პერსონალური საჭიროება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივად აქციოს. დღეს ორგანიზაცია არამხოლოდ მომსახურების მიმწოდებელია - არამედ აძლიერებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს და მათ მხარდაჭერაზე ზრუნავს.

გურიაში შექმნილი „ოდა ქეარი“ ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვებს, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებს განვითარებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო მხარდაჭერა შეუძლიათ მიიღონ.

 

*სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CSRDG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.