სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ეს ‘ნაგავი’ არ არის - ეს ახალი რესურსი და ახალი ეკოსისტემაა: ბელგიური გაკვეთილები

და რა არის ნაგავი? საერთოდ, არსებობს ნაგავი?

უცნაური კითხვებია, ხომ?

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ.

2025 წლის 11-17 მაისს ბელგიაში გაიმართა გაცვლითი პროგრამა Greenhouse for Social Innovators, რომელიც ეძღვნებოდა თემას „Social and Sustainable Entrepreneurship in Practice“. პროგრამის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის ბელგიაში სოციალური და მდგრადი მეწარმეობის პრაქტიკული გამოცდილების გაცნობა, ასევე იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება სოციალური ინოვაციები და ეკოლოგიური მიდგომები ერთიანად იქცეს ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტად.

ვიზიტის განმავლობაში ვიმყოფებოდით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბრიუსელში, გენტში, გენკსა და ლიეჟში, სადაც უშუალოდ გავეცანით ადგილობრივ ინიციატივებსა და საწარმოებს. ვნახეთ ეკოლოგიური ყავის მწარმოებელი, ცირკულარული (წრიული) ეკონომიკის სივრცე, ტექსტილისა და ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა სოციალური კომპანიები, რომლებიც ერთდროულად ქმნიან სამუშაო ადგილებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის და ზრუნავენ გარემოზე.

 

ფოტო: მარიამ მჭედლიშვილი

მოგიყვებით რა ვისწავლე ბელგიაში, ევროპის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ქვეყანაში. მანამდე კი ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, ამდენ საინტერესო ამბებს შორის, რატომ ვწერ ნაგავზე?

ჩასვლის დღიდან, პირველ რიგში, სწორედ ნაგავთან დამოკიდებულების შეცვლა მომიწია.

პირველივე დღეს, ნაგვისკენ მოსროლილი დაუხარისხებელი ნარჩენები შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩვენს უსაყვარლეს მასპინძელს და მაშინვე გაგვიზიარა დახარისხების პრინციპი. ერთი შეხედვით, ცოტა რთული, უამრავი ურნა, ყველა თავისი ფუნქციით. ახსნაც მოაყოლეს, რასაც ჩვენ ნაგავს ვეძახით, სულაც არ არის ამ პროდუქტებისა თუ ნივთებისთვის სასიცოცხლო ციკლის საბოლოო წერტილი. მათ კლავ შეუძლიათ სხვადასხვა ფუნქციის შესრულება და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სიცოცხლისუნარიანები იქნებიან.

ეს თემა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, მას შემდეგ რაც ვესტუმრეთ Groupe Terre-ს, ლიეჟში დაფუძნებული სოციალურ საწარმოს, სადაც ნაგავი ახალი სიცოცხლით იბადება.
და თითქოს კითხვაზე
- „არსებობს კი ნაგავი?“ - თავისი საქმიანობით უპასუხეს: არა, თუ შევძლებთ, რომ ვნახოთ მასში პოტენციალი.

Groupe Terre-ის ისტორია ომისშემდგომ ბელგიაში იწყება, როცა ქალაქი გაძარცული და მშიერი იყო, მაგრამ ადამიანები მაინც ეძებდნენ გზას, როგორ დახმარებოდნენ ერთმანეთს და გაეზიარებინათ თუნდაც მათ ხელთ არსებული მცირე რესურსები. აგროვებდნენ ტანსაცმელს, რომელსაც სხვები გამოუსადეგრად მიიჩნევდნენ და ხელახლა აცოცხლებდნენ. თავიდან ეს იყო ჰუმანიტარული მისია, დღეს კი მრავალპროფილური  ორგანიზაციაა, რომელიც ათასობით ტონა ნარჩენს გადააქცევს რესურსად და ასობით ადამიანს აძლევს სამუშაო ადგილს.

 

ფოტო:Groupe Terre

 

მათთან სტუმრობისას ვნახეთ სორტირების უზარმაზარი ცენტრი, სადაც ტანსაცმელი ფერების, ქსოვილის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით ნაწილდება. ის, რაც შეიძლება ჩვენთვის ძველი და მოსაწყენი იყოს, იქ კიდევ ერთ შანსს იღებს.

ნაწილი იყიდება მეორად მაღაზიებში, ნაწილი იგზავნება განვითარებად ქვეყნებში, ხოლო დარჩენილი გადამუშავდება სხვა ტიპის რესურსებად, მაგალითად, დალაგებისთვის საჭრო ნაჭრებად.

 

ფოტო:Groupe Terre

 

Groupe Terre მხოლოდ გადამუშავების ქარხანა არ არის. ეს არის სოციალური ეკოსისტემა, სადაც ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რთულად პოულობს სამსახურს, ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ, ისწავლონ, შეიტანონ  საკუთარი წვლილი გარემოს დაცვასა და საზოგადოების კეთილდღეობაში.
მათი პრინციპი მარტივია: ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, და არა პირიქით.

დღეს, Groupe Terre აერთიანებს რამდენიმე დამოუკიდებელ კოოპერატივს - ქაღალდის, პლასტმასის, ელექტრონიკისა და სამშენებლო ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით. მათი დამსახურებით, წლიურად 10 000-ტონაზე მეტი მასალა აღარ მიდის ნაგავსაყრელზე და უბრუნდება ცირკულაციას.

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, ხვდები, რომ ნაგავი მხოლოდ ჩვენი წარმოდგენაა, იმის შესახებ, რაც “აღარ გვჭირდება”. 

და ჩნდება კითხვა, თუ ბელგიაში ნაგავი რესურსია, ჩვენთან რატომ არ შეიძლება ასე იყოს?

 

 

 

მარიამ მჭედლიშვილი