გარემოს დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების გაუფრთხილებელი გამოყენება — ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც თანამედროვე საზოგადოება ყოველდღიურად დგას. მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ერთვება ეკოლოგიური სისტემების დაცვაში, თუმცა ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება იმ ინიციატივებს, რომლებიც ერთდროულად აერთიანებენ სოციალურ მიზანს და გარემოზე ზრუნვას.
ჩვენს ქვეყანაშიც წლიდან წლამდე მზარდია იმ ორგანიზაციების, ჯგუფებისა, თუ ბიზნესების რიცხვი, რომელთა საქმიანობაც გარემოს დაცვისა და ეკომეგობრული სივრცის შექმნისკენაა მიმართული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე და საშუალო ზომის სოციალური საწარმოების როლი, რომლებიც ეკომეგობრული წარმოებით, ნარჩენების შემცირებით, მწვანე ინოვაციებით, ან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით ცდილობენ, სასიკეთო გავლენა მოახდინონ გარემოზე. სწორედ ასეთი საქმიანობის განმახორციელებლად გვევლინება საქართველოში მოქმედი სამი სოციალური საწარმო — „ტენე“, „ჩემპი“ და „დადარი“. მათი მაგალითები ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ბიზნესმა არა მხოლოდ მოგებაზე იზრუნოს, არამედ ეკოსისტემების შენარჩუნებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზეც მოახდინოს დადებითი გავლენა.
გაეცანით სამ გამორჩეულ ისტორიას, რომლიც აღწერს, თუ როგორ ქმნიან მცირე და საშუალო ზომის სოციალური საწარმოები ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს, ცვლიან დამოკიდებულებებს და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ ადამიანებსა და გარემოზე ზრუნვას.
ტენე: პლასტმასას ნარჩენების გადამუშავება ინოვაციურ პროდუქტად
„ჩვენი ისტორია ასე იწყება - თავიდან, უბრალოდ, USB კაბელების იმპორტსა და რეალიზაციას ვახდენდით. რაღაც ეტაპზე კი, გადავწყვიტეთ, თავად დაგვეწყო USB სატენების წარმოება. თუმცა, როდესაც წარმოების პროცესზე ინფორმაციას ვიძიებდი, აღმოჩნდა, რომ USB კაბელების დასამზადებლად პირველადი პლასტმასა უნდა გამოგვეყენებინა, რაც არ გვინდოდა.. დავიწყეთ მუშაობა, რომ რაღაცნაირად ჩაგვენაცვლებინა ეს მასალა ან ბიომასალით, ან მეორადი პროდუქციით“, - გვიყვება სანდრო ლილუაშვილი, პირველი ქართული USB სატენის მწარმოებელი სოციალური საწარმო „ტენეს“ დამფუძნებელი.
როგორც სანდრო ამბობს, ბევრი ცდის შედეგად, მან და მისმა გუნდის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბოთლის თავსახურები შეეძლოთ შეეგროვებინათ, გადაემუშავებინათ და ასე ეწარმოებინათ სასურველი პროდუქცია. „ჩვენი მოქალაქეობრივი სურვილი იყო რომ ერთი მხრივ გვეზრუნა ქვეყნის გარემოზე და მეორე მხრივ, შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი. ასე დაარსდა „ტენეს“ ეკომეგობრული წარმოება“, - აღნიშნავს „ტენეს“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე, წარმოებისას გარკვეული გამოწვევები ჰქონდათ, თუმცა, ნელ-ნელა საზოგადოების ცნობიერება ეკომეგობრული ნივთებისა და ზოგადად, გარემოსდაცვითი აქტივობების მიმართ გაიზარდა. „თავდაპირველად, მოსახლეობას მოვუწოდეთ, რომ უბრალოდ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩაებარებინათ ჩვენთვის ბოთლების სახურავები, ჩვენ მათ გადავამუშავებდით და მივიღებდით USB კაბელებს. თუმცა, ამ კამპანიამ არ იმუშავა. შემდეგ, შევცვალეთ სტრატეგია და ხალხს ვუთხარით, რომ თუ სიმბოლურად ბოთლის 50 ცალ სახურავს ჩაგვაბარებდნენ, ჩვენ მათ საჩუქრად კაბელს გადავცემდით. ამას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანი ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში. დღეს უკვე, პლასტმასას ჩაბარებაზე მოთხოვნა არსებობს არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, „ტენე“ რამდენიმე სახეობის USB კაბელს აწარმოებს. გარდა ამისა, ეკომეგობრული საწარმო ახალი პროდუქტების დანერგვაზეც მუშაობს.
„ცოტა ხნის წინ, ძალიან საინტერესო კორპორაციული შეკვეთა გქვონდა. ერთ-ერთმა კომპანიამ გვთხოვა, რომ მისი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა მობილურის საკიდები. ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი მეორადი მასალების გადამუშავების შედეგად დავამზადეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ, ახლა ვაპირებთ, რომ მობილურის საკიდებიც სერიულ წარმოებაში ჩავუშვათ“, - აღნიშნავს „ტენეს“ დამფუძნებელი.
სანდრო ლილუაშვილის თქმით, „ტენეს“ სამომავლო გეგმებშია, შეგროვებული პლასტმასას ყოველწლიური რაოდენობის გაზრდაც და მათი გადამუშავება, ასევე ახალი კადრების დასაქმება.
60 ათასი ტონა პლასტმასა, რომელიც „ტენეს“ დამსახურებით, ბუნებაში არ მოხვდა
წარმოების პროცესის გასაფართოებლად საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. „ტენემ“ 2023 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობა დაიწყო საქართველოში პირველ გავლენის ფონდ „აქციოსთან“. ევროკავშირისა და „აქციოს“ მხარდაჭერით, ეკომეგობრულმა საწარმომ 2024 წლის პირველ ნახევარში შეძლო, შეესყიდა საბარგულიანი ავტომობილი, 3D პრინტერი და 6 პრესის აპარატი, რამაც მისი წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. როგორც ლილუაშვილი გვიყვება, აღნიშნული დანადგარებით, გაცილებით მარტივად ხდება შეგროვებული პლასტმასის დაპრესვა, დასაწყობება და შემდეგ, ტრანსპორტირება გადამამუშავებელ ქარხნებში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, „ტენეს“ 2 პრესი აპარატი განთავსებულია თბილისსა და წეროვანში, ოთხის განთავსება კი ეტაპობრივად მოხდება თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
„ასევე „აქციოსთან“ თანამშრომლობით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ჩვენი ეკონომიკური მაჩველებლებიც. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით კი 2024 წლიდან ამ დრომდე, 2 000-დან 5 300-მდე გავზარდეთ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აგროვებენ და აბარებენ პლასტმასს, ამასთან გაორმაგდა ყოველთვიურად გადამუშავებული პლასტმასის რაოდენობაც და 4-დან 8 ტონამდე გაიზარდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე, თითქმის 60 ათას ტონამდე პლასტმასა გვაქვს შეგროვებული ჯამურად და ეს მასალა ავარიდეთ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, ბუნებას“, - აღნიშნავს „ტენეს“ დამფუძნებელი.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის დანერგილი პლასტმასის სეპარირების, შეგროვებისა და გადამუშავების ერთიანი სახელმწიფო სისტემა, „ტენეს“ როლი გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაში განსაკუთრებით მაღალია.
ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და მზის პანელები გარემოს დასაცავად
ცალკე აღსანიშნია ის კამპანიებიც, რომლებიც ეკომეგობრულმა სოციალურმა საწარმომ გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა დროს ჩაატარა. „ამ კამპანიების რაოდენობა უკვე გადასცდა 10-ს, ხოლო იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც კამპანიებში მონაწილეობა მიიღეს, 500-ს გადააჭარბა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანებს შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც“, - ამბობს ლილუაშვილი.
„ტენეს“ დამფუძნებელი თავის გუნდთან ერთად, პლასტმასას ნარჩენების შემცირების გარდა, გარემოზე ზრუნვას სხვა გზითაც ცდილობს: „ჩვენს საწარმოში დამონტაჟებულია მზის პანელები, რომელთა მეშვეობით, უკვე შევძელით 80-ზე მეტი ტონა CO2-ის ემისიისგან გარემოს დაიცვა“.
ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ტენეს“ ქარხანა, რომელიც 2021 წლიდან საქმიანობს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს და იქ უმეტესად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები.
ჩემპი: უნარჩენო წარმოება და ვაშლის ნატურალური ჩიფსები
წარმოების პროცესში გარემოსდაცვით პრაქტიკებს იყენებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოციალური საწარმო „ჩემპიც“. გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ვაშლისგან დამზადებულ, ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა ჩიფსებს სთავაზობს, „ჩემპი“ აქტიურად მუშაობს უნარჩენო წარმოების განვითარების მიმართულებით.
როგორც სოციალური საწარმოს დამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი გვიყვება, „ჩემპის“ მთლიანი წარმოების პროცესი შემუშავებულია თავად დამფუძნებლების მიერ: „კვლევების და ექსპერიმენტების საფუძველზე შევქმენით სპეციფიკური რეჟიმების მქონე დანადგარები და აეწყო სრულიად განსხვავებული წარმოების სქემა იმისთვის, რომ შეგვექმნა მომხმარებლისთვის სასიამოვნოდ მისართმევი წასახემსებელი. ჩავატარეთ თითოეული, თუნდაც მცირე დეტალის ღრმა ანალიზი. სწორად განვსაზღვრეთ ვაშლის სახეობა, სლაისის ზომა, ტექსტურა, გემოები, სახეობები, შეფუთვის ტიპი, გრამაჟი და ასე მივიღეთ, „ჩემპი“ - ანუ უნიკალური, ინოვაციური ვაშლის ჩიფსები ქართულ ბაზარზე“.
თამარის თქმითვე, ჩიფსები მხოლოდ ერთი ინგრედიენტით მზადდება - ვაშლით და მას არანაირი დანამატი არ გააჩნია, არც შაქარი და არც შენახვისთვის საჭირო სხვა კონსერვანტები. შესაბამისად, ჩიფსები შეიცავს მხოლოდ ვიტამინებს და არის ჯანსაღი კატეგორიის სასუსნავი როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ამჟამად, „ჩემპის“ ბრენდის ქვეშ 4 სახეობის ჩიფსი იწარმოება.
რაც შეეხება „ჩემპის“ აქტივობებს გარემოსდაცვითი კუთხით, თამარ შეითნიშვილი ამბობს, რომ ვაშლის ჩიფსების წარმოების პროცესში, ისინი ნარჩენებს არ ყრიან და ამ მასალასაც სხვა პროდუქტის დასამზადებლად იყენებენ. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის - „ჩემპის“ დამფუძნებლებისთვის, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარემოზე ზრუნვა, გაგვიჩნდა იდეა, რომ წარმოების პროცესში დარჩენილი ვაშლის ნარჩენები, ან მალფუჭებადი ვაშლი, რომელიც სწრაფად საჭიროებს გადამუშავებას, სხვა პროდუქტის მისაღებად გამოგვეყენებინა. ასე შევქმენით ტყლაპს მიმსგავსებული სნექი, სახელად „ცმაცი“, რომელიც არის ტყლაპის მსგავსი, თუმცა გააჩნია ხრაშუნა ტექსტურა“, - გვიყვება „ჩემპის“ დამფუძნებელი.
ქართული ვაშლის ჩიფსები ექსპორტზე
ისევე როგორც სოციალური მეწარმეების დიდი ნაწილი, თამარ შეითნიშვილიც „ჩემპის“ წარმოების გაფართოების საქმეში, საერთაშორისო პარტნიორების როლსა და მნიშვნელობაზეც საუბრობს.
„თავდაპირველად, საქმიანობა „სტარტაპ საქართველოს“ პროექტით დავიწყეთ, თუმცა, შემდგომ წარმოების გაფართოებისთვის გადაიარაღება დაგვჭირდა და ევროკავშირის მხარდაჭერით, კერძოდ „აქციოს“ ანუ საქართველოში პირველი გავლენის ფონდის დახმარებით, შევიძინეთ საჭირო მანქანა-დანადგარები და შევძელით ექსპორტზე გასვლაც. ამჟამად, ჩვენი ვაშლის ჩიფსები ექსპორტზე აშშ-სა და კანადაში გადის. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჯერჯერობით, „ჩემპი“ მხოლოდ თბილისში იყიდება და რეგიონებში, მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი. ამიტომ, ჩვენს სამომავლო გეგმებში როგორც არსებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა, ისე სარეალიზაციო არეალის გაფართოება შედის. განვიხილავთ, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც“, - ამბობს „ჩემპის“ დამფუძნებელი.
თამარ შეითნიშვილის თქმით, „ჩემპის“ დამფუძნებლები წარმოების კიდევ უფრო გაფართოების საჭიროებას, მომხმარებლების მხრიდან წამოსული მზარდი ინტერესიდან გამომდინარე ხედავენ. სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი ვაშლის ჩიფსების გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე წლიდან წლამდე მზარდია.
ცნობიერების ამაღლება ფერმერებში და მათი ხელშეწყობა
ცნობისთვის, „ჩემპის“ საწარმო საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონში, კერძოდ გორის რაიონის სოფელ დიცში მდებარეობს. სოციალური საწარმოს მთავარი მიზანი სწორედ ამ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებაა, რასაც „ჩემპი“ აღწევს მცირემიწიანი ფერმერებისგან ნედლეულის (მათ შორის, მალფუჭებადი პროდუქციის) შეძენითა და რეალიზაციის პრობლემის მოგვარებით, სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მუდმივი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნით, ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებითა და სოციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარებით.
დადარი: ეკომეგობრული ხის სათამაშოები და გარემოსადამი პასუხისმგებლობიანი საქმიანობა
ეკომეგობრული მიდგომებით საქმიანობს სოციალური საწარმო „დადარიც“, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და რომლის მისიაც, ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად, უსაფრთხო და შემეცნებითი სათამაშოების დამზადებაა. „დადარი“ ზრუნავს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებული პირების, პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. სოციალური საწარმო ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ხის ხელნაკეთ სათამაშოებს, რომელთაც სიხარული მოაქვს, როგორც პატარებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
როგორც „დადარის“ დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი გვიყვება, საწარმოს დაარსების იდეა წარმატებული აღმოჩნდა და დღეს, „დადარის“ ეკომეგობრული, ხის ხელნაკეთი სათამაშოებით არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბითაც, უამრავი ბავშვი თამაშობს.
ხელნაკეთი და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხის სათამაშოები, რომლებიც 2 საუკუნეს უძლებს
„დაახლოებით, 7 წლის წინ, სანამ წარმოებას დავიწყებდი, ქვეყანაში ძალიან ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ე.წ „მკვლელი სათამაშოების“ შესახებ, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავდა, შესაბამისად, არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების საერთაშორისო წესებს და იყო ძალიან საშიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემს გუნდათ ერთად შემექმნა ისეთი სათამაშოები, რომლებიც არათუ ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა, არამედ ბავშვებს სამყაროს შემეცნებაში დაეხმარებოდა. დღეს, ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 102 უნიკალური მოდელი, მათ შორის - როგორც მოტორიკის განმავითარებელი და სასწავლო-საგანმანათლებლო სათამაშოები, ასევე ასაწყობი კუბიკები, ფაზლები, კოლექციის სათამაშოები, რომლებიც მაგალითად - ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი ყველა სათამაშო აბსოლუტურად ბუნებრივი მასალებით მზადდება და არ აყენებს ზიანს არც გარემოს და არც ბავშვის ჯანმრთელობას.
წარმოებისას, ძირითადად, ვიყენებთ - ძვირფასი ფოთლოვანი ხის ჯიშებს, გერმანული წარმოების უმაღლესი ხარისხის ლაქს და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რომლებიც არ შეიცავენ მძიმე მეტალებს და შეესაბამებიან სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს. ჩვენი სათამაშოები საუკუნეებს უძლებს - ხის სათამაშოების უპირატესობა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 საუკუნეც კია, თუ ვინმემ განგებ არ დააზიანა“, - გვიყვება „დადარის“ დამფუძნებელი.
ქართული ხის სათამაშოებით მსოფლიოს მასშტაბითაც უამრავი ბავშვი თამაშობს
არჩილ გობეჯიშვილის თქმით, წარმოების უმაღლესი სტანდარტის გამო, „დადარის“ სათამაშოებზე მოთხოვნა მაღალია საერთაშორისო ბაზრებზეც. მაგალითისთვის, ამჟამად, „დადარის“ ეკომეგობრული, ხის სათამაშოები ექსპორტზე გერმანიაში გადის, სადაც სოციალურ საწარმოს 2 მსხვილი პარტნიორი ჰყავს, რომელთათვისაც სათამაშოებს ამზადებს და შემდეგ, ისინი ამ სათამაშოებს მთელს ევროპაში ანაწილებენ. გარდა ამისა, ამჟამად, „დადარი“ 3 სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებას აწარმოებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
„თუმცა, როდესაც ასეთ არაპოპულარულ საქმეს იწყებ, არ არის მარტივი. წარმოების პროცესში უამრავი გამოწვევა გვქონდა და დღესაც გვაქვს, როგორც დანადგარების, ისე ნედლეულისა და თუნდაც მუშა-ხელის ნაწილში. ეს გამოწვევების ძალიან მცირე ჩამონათვალია. ხის სათამაშოების წარმოება დღესაც არ არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული დარგი, თუმცა, ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ და ამ მცდელობის შედეგსაც ვხედავთ. 2018 წლისგან განსხვავებით, როცა ჩვენ ამ საქმეს ვიწყებდით, დღეს ეკომეგობრული ნივთების მიმართ, საზოგადოების ცნობიერება გაცილებით გაზრდილია. სულ უფრო მეტი მშობელი ირჩევს მისი შვილისთვის ხის, ეკომეგობრულ სათამაშოს და ამაზე, წლიდან წლამდე მზარდი გაყიდვების მაჩვენებელიც მიუთითებს. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციიდან, გამორჩეულად მოთხოვნადია საქართველოს რეგიონების ფაზლი, რომლის თამაშითაც პატარები სწავლობენ საქართველოს, რეგიონების განლაგებას, მათ ზომებს და ფორმებს. შეისწავლიან და აერთიანებენ ჩვენს ლამაზ ქვეყანას!“, - ამბობს არჩილი.
განვითარების ახალი ეტაპი
„დადარის“ დამფუძნებელი საქმიანობის წარმატებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც არჩილ გობეჯიშვილი აღნიშნავს, სოციალური საწარმოს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა გავლენის ფონდ „აქციოს“ თანადგომამ. „აქციოს“ ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, „დადარმა“ შეძლო როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნა და წარმოებისთვის საჭირო, ახალი, თანამედროვე მანქანა-დანადგარების შეძენა. ასევე სოციალური შედეგების გაზრდა და უფრო მეტი ადამიანის გადამზადება და დასაქმება.
„ამასთან, გასული 2024 წლის ბოლოს, დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)-ის მხარდაჭერით შევძელით ახალი საწარმოს გახსნა სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში, რომელმაც თბილისის საწარმოსთან პარალელურ რეჟიმში დაიწყო პროდუქციის წარმოება. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგები მოგვცა რეგიონულმა განვითარებამ. საწარმოში დავასაქმეთ დევნილი და სოციალურად დაუცველი ადამიანები“, - ამბობს „დადარის“ დამფუძნებელი.
სოციალურ საწარმოს სამომავლო გეგმები მოიცავს კიდევ უფრო მეტი, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანის პროფესიული გადამზადებასა და „დადარის“ საწარმოში დასაქმებას; სათამაშოების ასორტიმენტის გაზრდასა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ასევე, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არხების მნიშვნელოვან გაფართოებას.
სოციალური და ეკონომიკური მისიის გაძლიერების გარდა, საწარმოო პროცესების მიღმა „დადარი“ გარემოს დაცვაზე სხვადასხვა მიდგომით ზრუნავს. სამომავლოდ ის საქართველოს მასშტაბით ქართული ნეკერჩხლის ხეების გაშენებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ამ „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის დაცვას, განახლებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
სამივე სოციალური საწარმოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ეკომეგობრული წარმოება მხოლოდ გარემოზე ზრუნვა არ არის — ესაა ახალი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური შესაძლებლობების გზა საერთო მიზნისკენ. სხვადასხვა მიდგომით, ეკომეგობრულ პრაქტიკებზე დაფუძნებული მეწარმეობა საერთო სასიკეთო ცვლილებების საწინდარია. პლასტმასას ნარჩენების შემცირება, უნარჩენო წარმოება, ბუნებრივი მასალების გამოყენება და ცნობიერების ამაღლება — ეს იმ ნაბიჯების ნაწილია, რომლებიც გარემოს დაცვაზე და საზოგადოებრივ სარგებელზე ერთდროულად ზრუნავს. სოციალური მეწარმეების ძალისხმევა გვახსენებს, რომ ეკომეგობრულ მომავალზე ზრუნვა მხოლოდ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საერთო მიზანია, რომელსაც ბიზნესის ჩართულობა და მოქალაქეების ყოველდღიური ქცევა რეალურად აქცევს საზოგადოებისთვის სასარგებლო სასიკეთო ცვლილებად.
*სტატია მომზადებულია გავლენის ფონდ “აქციოსთან” თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გავლენის ფონდი “აქციო” და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.