სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

„ბრილი-არტის“ თიხის თავგადასავალი მაღალმთიან აჭარაში და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები პატარა სოფლის მოსახლეობისთვის

თიხა, რომელიც სოფელს აცოცხლებს — „ბრილი-არტის“ ისტორია აჭარიდან

ბრილიანტი, თუ „ბრილი-არტი“? - სოციალური საწარმოსთვის სახელის შერჩევად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ბევრი ვიფიქრე... თუმცა, ბოლოს მაინც „ბრილი-არტი“ გადაწყდა“,  - გვიყვება ლია კასპელაშვილი, მხატვარი, კერამიკის დიზაინერი და მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში მდებარე სოციალური საწარმოს დამფუძნებელი.

მართალია,საწარმოს სახელი ხელოვნებას დაუკავშირდა და არა ბრილიანტს, თუმცა ის თავისი შინაარსითა და სოციალური მიზნებით, სოფელი ბრილისთვის უკვე ნამდვილი განძის ფუნქციას ასრულებს და მისი როლი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ბრილი-არტის“ მთავარი მიზანია, სოფელში არსებული ადგილობრივი ბუნებრივი რესურსის, თიხის გამოყენებით შექმნას და განახორციელოს მრავალფეროვანი, ინოვაციური პროდუქტები და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, გაზრდის მათ შემოსავლებს და შემცირებს სოფლიდან მიგრაციის მაჩვენებელს.

 

უნიკალურ ბუნებრივ რესურსი - თიხის საბადო სოფელ ბრილში

 

დიდი და შთამბეჭდავი „თიხის თავგადასავალი“ თავდაპირველად, საერთაშორისო ფესტივალით დაიწყო. „2017 წლიდან მოყოლებული, ჩემს კოლეგებთან ერთად, აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში კერამიკული აქტივობების კვირეულს, სახელწოდებით ,,კერამიკის ალქიმია''-ს ვატარებ,“ - ამბობს „ბრილი-არტის“ დამფუძნებელი ლია კასპელაშვილი და აღნიშნავს: „ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად კერამიკის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ოსტატები იღებენ.

 

ლია კასპელაშვილი - "ბრილი არტის" დამფუძნებელი

 

ფესტივალი, დაარსების დღიდან ამ დრომდე, სამ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პირველი - კულტურული ტურიზმის განვითარება, მეორე - საგანმანათლებლო მიმართულება და მესამე  - სამეცნიერო-კვლევითი. სწორედ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ფარგლებში, მე და ჩემი კერამიკოსი მეგობრები, ფესტივალის მეორე წელს, ანუ 2018 წელს ამოვედით პირველად სოფელ ბრილში. გაგებული გვქონდა, რომ ბრილი ფლობდა უნიკალურ ბუნებრივ რესურს-  თიხის საბადოს სახით, თუმცა მას მოსახლეობა, მხოლოდ ტალახად აღიქვამდა. სხვათა შორის, ბრილის თიხასთან დაკავშირებით 1990-იან წლებში გეოლოგიის დეპარტამენტმა კვლევებიც დაიწყო და დადგინდა, რომ აქ არსებული თიხა სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო. თუმცა, შემდგომ, ეს კვლევები შუა გზაში მიატოვეს იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე...  ვინაიდან, ამ ისტორიულ ინფორმაციას ვფლობდით, რომელიც  ჩემმა უფროსმა კოლეგამ და მეგობარმა, ასევე კერამიკის დიზაინერმა, მარიკა იზორიამ გამიზიარა, გადავწყვიტეთ - ღნიშნული თიხის კვლევა გაგვეგრძელებინა. რამდენიმე წელი ასე დავდიოდით სოფელ ბრილში. 2020 წელს კი დავწერე უკვე პროექტი, რომელიც გულისხმობდა სოფლად, თიხის კარიერზე,  ჩვენივე ძალებით აშენებული, შავი კარკასის მდგომარეობაში მყოფი  სახელოსნოს მოწყობას, სადაც შეიქმნებოდა მულტიფუნქციური სივრცე. ამ პროექტმა ბათუმის ბიზნეს ინკუბატორის პროგრამაში გაიმარჯვა და ასე მივიღე პირველი დაფინანსება, რითაც პირველადი ინვენტარი შევიძინე... სოფლის მკვიდრი ერთ-ერთი ოჯახის დახმარებით კი, სახელოსნოს შავი კარკასი აშენდა, სადაც გრანტით შეძენილი ჩარხები და სხვა დანადგარები შევიტანე. ასე დაიწყო ფუნქციონირება „ბრილი-არტმა“, - გვიყვება ლია კასპელაშვილი.

 

ახალგაზრდების ჩართულობა

 

სახელოსნოს მოწყობის პროცესი ახლაც აქტიურად გრძელდება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტული სამუშაოები ხორციელდება.

„ევროკავშირის, პური მსოფლიოსთვის და საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მივიღეთ როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური დახმარება. მათი მხარდაჭერით შევიძინეთ დამატებით კიდევ ერთი ჩარხი, ტესტ-ღუმელი, რომელიც მნიშვნელოვანია ტექნოლოგური ცდებისა და ლაბორატორიული კვლევებისთვის, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი, ინსტრუმენტები და ფაქტობრივად, ამ ფინანსური რესურსით, თითქმის ვამთავრებთ „ბრილი-არტის“ სახელოსნოს სარემონტო სამუშაოებს“, - აღნიშნა სოციალური საწარმოს დამფუძნებელმა. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით, სახელოსნო სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ტექნიკურად ბოლომდე აღიჭურვება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. ძირითადი აქცენტი კი, ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებზე გაკეთდება.

 

მჯერა, თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა - აქ დარჩეს, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს მშობლიურ სოფელშივე“

 

„ჩემი მთავარი მოტივაცია, როდესაც სახელოსნოს პროექტს ვწერდი, სწორედ ბრილში მცხოვრები ახალგაზრდები და მათთვის აქ, ადგილზევე, ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა იყო. ამ მიზნიდან გამომდინარე, განისაზღვრა ისიც, რომ ჩემი საწარმო, თავისი შინაარსით, აუცილებლად სოციალური იქნებოდა. მაღალმთიანი აჭარის მრავალფეროვანი ბუნება, მთის ჰაერი, ისტორიულ- კულტურული ძეგლები, ტრადიციული სამზარეულო და მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა უნიკალურ პირობებს ქმნის ამ სოფელში კულტურული და აგროტურიზმის განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა,  ბრილი მოსახლეობისაგან მაინც იცლება: დაახლოებით, თოთხმეტი წლის წინ  სოფელში 100 ბავშვი სწავლობდა, ახლა კი აქ მხოლოდ 21 მოსწავლეა შემორჩენილი. ადგილობრივები დღეს თავს ირჩენენ  მესაქონლეობით და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით, მაგრამ იმის გამო, რომ აქ ტურიზმი განვითარებული არ არის, ეკონომიკური აქტივობა და ამ ხალხის ფინანსური შემოსავლებიც ძალიან მწირია, რაც განაპირობებს მიგრაციას სოფლიდან. როგორც უკვე გითხარით, ამ მიგრაციის შეჩერებაა „ბრილი-არტის“ მისია. მუდმივად ვატარებ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ახლა, მათ უკვე იციან, რომ თიხა, რომელსაც ადრე უბრალოდ ტალახს ეძახდნენ, ძალიან დიდი ბუნებრივი რესურია. ჩემი კერამიკული აქტივობებით მათ დავუმტკიცე, რომ  სწორედ ამ თიხის გარდაქმნაა  შესაძლებელი ძვირფას, შემოსავლიან პროდუქტად! სხვათაშორის, ამ ახალგაზრდებთან ერთად, შევქმენი სასკოლო კლუბი „ბრილი-არტიც“, რომლის ფარგლებშიც, ამ ახალგაზრდებს ჩემს ცოდნას ვუზიარებ. ვცდილობ, მათ განვუმტკიცო სოფლად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობისადმი რწმენა. მჯერა, თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა - აქ დარჩეს, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მოახდინოს მშობლიურ სოფელშივე“, - განმარტა „ბრილი-არტის“ დამფუძნებელმა.

 

 

 

„ბრილი-არტი“ მულტიკულტურული ჰაბი - სოციალური საწარმოს მასშტაბური გეგმები

 

ლია კასპელშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მომდევნო 5 წელში, „ბრილი-არტი“ იქნება არა მხოლოდ სახელოსნო, არამედ მულტიკულტურული ჰაბი, სადაც ჩატარდება შემოქმედებითი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები.

„გარდა ამისა, ამ 5 წელში, ბევრი კვლევის შედეგად, უკვე ბრილის თიხისგან მივიღებთ ისეთ ნედლეულს, რომელიც სრულად გამოსადეგი იქნება როგორც კერამიკული ნივთების, სუვენირების, ჭურჭლის, ისე სამშენებლო მასალებს, კერძოდ - საფასადე კერამიკულ ფილებსა და კრამიტ წარმოებისთვის. რაც მთავარია, წარმოების პროცესში გამოვიყენებთ აჭარულ, ავთენტურ ორნამენტებს. ვფიქრობ, 5 წელი სწორედ ის დროა, როცა უკვე ბრილის თიხის ყველანაირი კვლევა და შესწავლა დასრულებული იქნება და შევძლებთ, დანამატების შერევით, მივიღოთ წარმოებისთვის საჭირო სრულყოფილი მასალა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელოსნოში არ მოხდება მასობრივი მასშტაბით სერიული წარმოება,  მისი ძირითადი შემოსავლის წყარო კულტურული ტურიზმი იქნება. გვინდა გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაც და ვგეგმავთ, აჭარული კერძების თიხაში მომზადებას, მაგალითად - თიხის ჭურჭელში შემწვარი ქათამი და სხვა“, - განმარტა მაღალმთიან აჭარაში მდებარე სოციალური საწარმოს დამფუძნებელმა.

 

„ბრილი-არტი“ ზაფხულის ბოლოს კერამიკულ ბანაკში გიმასპინძლებთ

 

რაც შეეხება სერვისებს, რომლებიც ამჟამად სოციალურ საწარმო „ბრილი-არტს“ აქვს, ლია კასპელაშვილის ინიციატივით, ყოველი ზაფხულის მიწურულს, სოფელ ბრილში სხადასხვა მასტერკლასი და სიმპოზიუმი იმართება.

„წელსაც, ივლისის  მეორე ნახევრიდან, დაგეგმილია ჩვენს სახელოსნოში თიხის გამოყენებით საგანმანათლებლო პროგრამების, მასტერკლასებისა და საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარება. გარდა ამისა, გვექნება რამდენიმე კერამიკული ბანაკი, რომელიც გულისხმობს როგორც მთელი დღე ამ სახელოსნოში მუშაობს, ისე ღია ცის ქვეშ ხატვას, ადგილობრივი თიხის ნედლეულის მოპოვებას. ბანაკის მონაწილეებს თავად წავიყვან ბრილის თიხის კარიერებზე -  ისინი თავინთი ხელით მოპოვებული თიხის გადამუშავებას და გამოძერწვას შეძლებენ. გარდა ამისა, კერამიკული ბანაკის ფარგლებში, დავლაშქრავთ ულამაზეს ჭვანას ხეობას. საღამო კი, კოცონის გარშემო შევიკრიბებით და ხელოვნების ისტორიაზე ვისაუბრებთ, გვექნება ფილმების ჩვენება და განხილვა. ასევე, სხვა სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობები“, - აღნიშნა „ბრილი-არტის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კერამიკული ბანაკის მონაწილეები სოფელ ბრილშივე განთავსდებიან. აქ უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, რომელთა მოწყობის  მოტივაციასაც  ადგილობრივებს ასევე სოციალური საწარმო „ბრილი-არტის“  პროგრამები აწვდის.

„ბრილი-არტის“ საქმიანობა შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე ამ პატარა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.ბრილის გამოცოცხლება უკვე დაწყებულია და აქ ძვირფას ნედლეულს, ანუ თიხას - ტალახს უკვე აღარავინ ეძახის. იციან, როგორ აქციონ ეს „ტალახი“ საკუთარი შემოსავლის წყაროდ.

თავად „ბრილი-არტი“ კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მაღალმთიან აჭარაში შექმნილმა სოციალურმა საწარმომ საზოგადოებრივ ეფექტს მიაღწიოს — იზრუნოს რეგიონის გამოცოცხლებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენასა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.

 

*სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CSRDG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.