სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

„ამიგატო“ - სოციალური საწარმო და ავეჯის ქართული ბრენდი, რომელიც მიუსაფარი კატების გადარჩენაზე ზრუნავს

ფისოებზე ზრუნვისთვის შექმნილი სოციალური საწარმო

„მე თვითონ 4 ფისო და 2 ძაღლი მყავს, დილემის წინაშე დავდექი მაშინ, როდესაც გავაცნობიერე, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველის ფონზე, მხოლოდ ჩემს კატებს ვანებივრებ, სათამაშოს ვყიდულობ, ფუფუნებაში ვამყოფებ, ამიტომ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა უფრო მეტი ცხოველის გადარჩენა, მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნა“, - გვეუბნება სოციალური საწარმო „ამიგატოს“ თანადამფუძნებელი, მართა მელიქიძე, რომელმაც მოხალისეობრივი გამოცდილება სოციალური საწარმოს იდეად აქცია და დღეს უკვე პირველი ქართული ბრენდის ერთ-ერთი შემქმნელია.

 

როგორ იქცა გამოცდილება ბიზნეს იდეად

 

„ამიგატო“ სოციალური საწარმოა, რომლის მისია მიუსაფარი კატების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. მთავარი მიზანი კი ქუჩაში მცხოვრები ფისოების სტერილიზაცია-კასტრაციაა, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებასა და მათი რაოდენობის მართვას უზრუნველყოფს.

„ამიგატოს“ შექმნის იდეა 2021 წელს, ცხოველების დახმარების მიზნით, მოხალისეობრივი საქმიანობიდან დაიწყო, როდესაც რამდენიმე ცხოველთამოყვარულის ძალისხმევითა და მონდომებით თავდაპირველად, თავშესაფარი „ფეთიზი“ დაარსდა. მიღებული გამოცდილება კი სოციალური საწარმოს იდეად გარდაიქმნა.

ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ საწარმო „ამიგატოს“, მათი პროდუქცია ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ რომ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ შეძენაა შესაძლებელი, კატებზე მზრუნველი მოქალაქეების დაინტერესება მზარდია.

 


 

„სულ მინდოდა თავშესაფრის გაკეთება, მაგრამ რატომღაც შეუძლებლად მეჩვენებოდა, ამიტომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი.

2021 წელს მეგობარმა დახმარება მთხოვა და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თავშესაფრის შექმნა. რატომ კატები? - იმიტომ, რომ ცუგების ბევრი თავშესაფარი არსებობს, ფისოების კი მხოლოდ ერთი“, - გვითხრა თავშესაფარ „ფეთიზის“ თანადამფუძნებელმა, კესო ბარამიძემ.

როგორც უკვე აღინიშნა, ვიდრე სოციალური საწარმო „ამიგატო“ შეიქმნებოდა, მანამდე არსებობდა ცხოველთა თავშესაფარი „ფეთიზი“, სადაც მძიმე ჯანმრთელობის მქონე კატების გადარჩენაზე, მათ სტერილიზაცია/კასტრაციაზე დღემდე ზრუნავენ, თუმცა საკმარისი ფინანსების არარსებობის გამო, გაჩნდა ახალი იდეა, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ასე იქცა მიზანი რეალობად.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სტერილიზაცია-კასტრაცია

 

ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის საკითხებზე ფოკუსირება მათი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია ცხოველთა დაავადებებისა და სხვადასხვა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება.

ასევე, ცხოველებს გამრავლების სწრაფი ტემპი ახასიათებთ, რის შედეგადაც ჰიპერ პოპულაცია ხდება. ერთ კატას შეუძლია წელიწადში 8-დან 15-მდე კნუტი ჰყავდეს. ამასთან, გარდა იმისა, რომ პოპულაცია მზარდია, ჩუქების მსურველები, პრაქტიკულად არ არსებობენ, შესაბამისად, უამრავი მათგანი ქუჩისთვის არის განწირული და სწორედ ამ პრობლემის პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაცია.

 „თავდაპირველად, ჩვენი სურვილი იყო, მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციაზე გვეზრუნა, თუმცა, მაშინაც და ახლაც, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ფისოების კუთხით იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ გადავწყვიტეთ ამ მიმართულებითაც წავსულიყავით.

 


 

დღეს ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია - ბევრია ტრავმირებული, დაავადებული და დავირუსებული კატა. ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ცნობიერება, მოზარდები და მათ შორის, ზრდასრული ადამიანები ჯერ კიდევ აწამებენ კატებს, გადაუვლიან ავტომობილით და მომაკვდავს ქუჩაში უპატრონოდ ტოვებენ. ძირითად შემთხვევაში, ასეთი ცხოველების დახმარება გვიწევს.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მათ შორის, მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფისოების პატრონებმაც კი არ იციან, რატომაა სტერილიზაცია/კასტრაცია ასეთი მნიშვნელოვანი და რომ ეს ცხოველის წვალებასთან არაფერ კავშირშია,“ - გვითხრა ცხოველთა თავშესაფრის „ფეთიზის“ თანადამფუძნებელმა, კესო ბარამიძემ.

 


 კესო ბარამიძე - "ფეთიზის" თანადამფუძნებელი

 

მისი თქმით, „ფეთიზი“ 4 წლის განმავლობაში 700-ზე მეტ მძიმე მდგომარეობაში მყოფ კატას დაეხმარა. „ყველაზე მეტად კი ვზრუნავთ იმაზე, რომ ადამიანებში ემპათიის დონე ავამაღლოთ,“ - დაამატა კესომ.

როგორც კესო ამბობს, მიუსაფარი კატების მზარდი პოპულაცია და სხვადასხვა ტიპის დაავადებები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომაც იმისთვის, რომ მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობები შეექმნათ და ამასთანავე, ეზრუნათ ქუჩაში ცხოვრებისთვის განწირული ფისოების რაოდენობის შეემცირებაზე, გაჩნდა სოციალური საწარმო „ამიგატოს“ შექმნის იდეა.

„მანამდე სხვადასხვა მიმართულებით ვმოხალისეობდით - ყველას ერთი და იგივე განცდა გვქონდა, რომ ამ მასშტაბის პრობლემასთან გამკლავება, სათანადოდ ვერ ხდებოდა,“ - გვიყვება მართა მელიქიძე და „ამიგატოს“ მუშაობის სპეციფიკასა და მიმართულებაზე გვესაუბრება.

სოციალური საწარმო „ამიგატო“ ორი მიმართულებით მუშაობს: ქმნის კატებისთვის სპეციალურ ავეჯს და გაყიდული პროდუქტიდან მიღებული თანხით მიუსაფარი კატების სტერილიზაციასა და კასტრაციას აფინანსებს.

„ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ყოფილიყო რაიმე ისეთი მოდელი, რომელიც ჩემი კატების დახმარებით, სხვაზე მზრუნველობას შემაძლებინებდა.

შემდეგ უკვე ვფიქრობდით იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი რამ, რაც შესაძლოა ქართულ ბაზარზე არ ყოფილიყო და გასაყიდად გაგვეტანა, რადგან მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ზოომაღაზია და მსგავსი დაწესებულება არსებობს.

 


 მართა მელიქიძე - "ამიგატოს" თანადამფუძნებელი

 

პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის პროგრამით დაგვიფინანსდა. დაფინანსების დღიდან CSRDG გვეხმარება როგორც ტექნიკურ დეტალებში, ისე საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და კონსულტაციების ნაწილში“, - ამბობს მართა მელიქიძე.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გარდა იმისა, რომ „ამიგატო“ კატების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ამასთანავე, აქტიურად მუშაობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის აუცილებლობასა და ცხოველთა კეთილდღეობას უკავშირდება.

 

რით არის გამორჩეული „ამიგატო“

 

„ამჟამად, საწარმოში დამზადებული კატების ავეჯი, კერძოდ, საცოცი კედლები ონლაინ იყიდება. მიღებული თანხით კი შემდეგ მისიას ვასრულებთ - ვასტერილებთ მიუსაფარ ფისოებს“, - ამბობს საწარმოს თანადამფუძნებელი და „ამიგატოს“ გამორჩეულობაზე დასმულ შეკითხვაზე გვპასუხობს.

 


 

მართას თქმით, გასართობი საშუალებები, რომლებიც კატებისთვის ზოომაღაზიებში იყიდება, ფისოების საჭიროებებზე ბოლომდე მორგებული არ არის, ამიტომაც „ამიგატოში“ შექმნილი პროდუქტი უნიკალურია, მეტიც - პირველი და თანაც გამორჩეული ქართული ბრენდია, რომელიც ფისოების სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


 

„მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც კატები შეზღუდულ სივრცეში არიან, მათ სჭირდებათ სიმაღლეზე ხტომა, გართობა, ენერგიის დახარჯვა, ეს ყველაფერი კი მათ განვითარებას უწყობს ხელს.

ჩვენი საწარმოს უნიკალურობაც იმაშია, რომ აქ შექმნილი პროდუქტი კატების რეალურ საჭირობებზეა მორგებული და სხვაგან მისი ყიდვა, არ არის შესაძლებელი“, - ამბობს მართა.

 

სამომავლო გეგმები

 

 „ამიგატოს“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, სამომავლო გეგმების უმთავრეს ამოცანად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და, რა თქმა უნდა, მთავარი გზის გაგრძელება - ფისოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება: „CSRDG დაგვეხმარა სწორად გაგვეაზრებინა რას ვეჭიდებოდით, ჩვენს მიზანზე მეტი წარმოდგენა შეგვიქმნა, ამიტომ, ჩვენი სურვილი და ამოცანაა, 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 300 კატა გავასტერილოთ. ასევე, გვინდა სტერილიზაცია/კასტრაციაზე საზოგადოების ინფორმირებულობა მაქსიმალურად გავზარდოთ და პარალელურად, ვიზრუნოთ სახლში მცხოვრები კატების კეთილდღეობაზე,“ - გვითხრა მართა მელიქიძემ.

 


 

სოციალური საწარმო „ამიგატო“ განაგრძობს პროდუქციის გამრავალფეროვნებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურ მუშაობას. საწარმოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა კარგად გაიაზრონ მათი პროდუქტის აუცილებლობა და ის ღირებულება, რასაც ის ცხოველების კეთილდღეობისთვის ქმნის. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც „ამიგატო“ უახლოეს მომავალში გეგმავს, საგანმანათლებლო სივრცეებში შეხვედრების ორგანიზებაა, რათა ბავშვებმა პატარა ასაკშივე კარგად იცოდნენ, რას ნიშნავს ცხოველის აყვანა და შემდეგ მასზე სრულფასოვანი მზრუნველობა.

„ფეთიზისა“ და „ამიგატოს“ მაგალითიდან ნათლად ჩანს, როგორ შეიძლება სოციალური მეწარმობის იდეა, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად გადაიქცეს.

თვალსაჩინოა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ფონზე, კვლავ უდიდესი რისკის ქვეშაა - „ამიგატო“ კი საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობით, ასობით ფისოს გადარჩენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

*სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CSRDG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.