სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ჩემპი

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო  „ჩემპის“ მისიაა საზღვრისპირა რეგიონის (გორის რაიონი, სოფელი დიცი) სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის მუდმივი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზება და სოციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება. ასევე, მცირემიწიანი ფერმერებისგან ნედლეულის, მათ შორის, მალფუჭებადი, შეძენა და რეალიზაციის პრობლემის მოგვარება.

 

პროდუქცია/სერვისი

'ჩემპი' აწარმოებს მრავალფეროვან, ჯანსაღ და ნატურალურ ვაშლის ჩიფსებს. თავდაპირველად შეიქმნა 3 სახეობის ორიგინალი ვაშლის ჩიფსი (წითელი, მწვანე და გოლდენი). მუშაობის პროცესში დამფუძნებლებმა დაინახეს შესაძლებლობა, რომ ვაშლის ბაზაზე შეექმნათ სრულიად ახალი ტიპის ინდუსტრია მრავალფეროვანი გემოების და ჯანსაღი მახასიათებლის მქონე პროდუქტების შეთავაზებით (12 სახეობის ვაშლის ჩიფსი). “ჩემპი”-ის ხედვაა შექმნას მხოლოდ ბაზარზე უნიკალური და განსხვავებული პროდუქტები. შესაბამისად, შპს ‘ფით’ აწარმოებს 12 სახეობის ვაშლის ჩიფსს: 3 ორიგინალი და 9 ხილის/ბოსტნეულის გემო (ფორთოხალი, ბანანი, ატამი, მანგო, ლიმონი, ალუბალი, ლურჯი მოცვი, ანანასი, სტაფილო). ‘ჩემპის’ პროდუქტები კონკურენტებისგან გამოირჩევა 3 ძირითადი მახასიათებლით: მადისაღმძვრელი ვიზუალი (თხელი/ღია ფერის სლაისი), ხრაშუნა ტექსტურა (ინოვაციური დამზადების მეთოდი), ბუნებრივი/ნატურალური გემო. გარდა ამისა, აღნიშნული კონცეფციით (ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია) საწარმომ მოიპოვა კონკურენტული უპირატესობა და სიძლიერე, რადგან ვაშლის ჩიფსი ‘ხილის გემოს’ მსგავსი ასორტიმენტი ბაზარზე არ არსებობს.

‘ჩემპის’ საწარმო თავისი არსით შემოქმედებითია. მთლიანი წარმოების პროცესი შემუშავებულია დამფუძნებლების მიერ. კვლევების და ექსპერიმენტების საფუძველზე შეიქმნა სპეციფიკური რეჟიმების მქონე დანადგარები და აეწყო სრულიად განსხვავებული წარმოების სქემა. იმისათვის, რომ შექმნილიყო მომხმარებლისთვის სასიამოვნოდ მისართმევი წასახემსებელი. განხორციელდა თითოეული, თუნდაც მცირე დეტალის ღრმა ანალიზი. სწორად განისაზღვრა ვაშლის სახეობა, სლაისის ზომა, ტექსტურა, გემოები და სახეობები, შეფუთვის ტიპი, გრამაჟი. ამრიგად, 'ჩემპი' არის უნიკალური, ინოვაციური ვაშლის ჩიფსები და პიონერი ამ სექტორში. ბრენდი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს და მომხმარებელს სთავაზობს ერთდროულად ნატურალურ, გემრიელ და მხიარულად მისართმევ წასახემსებლებს.



საკონტაქტო ინფორმაცია

თამარი შეინთიშვილი
champy.snacks@gmail.com